გორის მერიისა და პოლონეთის ქალაქ ოჟიშის მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, პედაგოგებმა, პოლონეთში თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს

264

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და პოლონეთის ქალაქ ოჟიშის მუნიციპალიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეულმა პედაგოგებმა, ინკლუზიური განათლების მიმართულებით, პოლონეთში თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პედაგოგები ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის პარტნიორ ქალაქ ოჟიშში, სადაც მათ, პოლონელი ექსპერტების მონაწილეობით, ორმოცსაათიანი სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაუტარდათ.

„თამარ ლურსმანაშვილს, ნათია ტორონჯაძეს, ლანა ვაიცეხოვსკის, ნინო ბექაურსა და ქეთევან ჩიტაძეს პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სერტიფიკატები გადასცა. თეორიულ კურსთან ერთად, გორელ პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ, საბავშვო ბაღებში დაკვირვებოდნენ და ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო პროცესში, თუ როგორ მუშაობენ პოლონელი კოლეგები სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან. პოლონეთიდან დაბრუნებული პედაგოგები, ინკლუზიური განათლების მიმართულებით, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საქმიანობას ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე შეუდგებიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში.