ბენდელიანი: დედაქალაქის ურბანული განვითარების მასშტაბურ გეგმებს შორისაა აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირების რეაბილიტაცია

689

კახა კალაძის საარჩევნო პროგრამით გათვალისწინებული თბილისის ურბანული პოლიტიკის პროექტების ფარგლებში, შემდეგი 4 წლის განმავლობაში, კაპიტალური რეაბილიტაცია დედაქალაქში 5 ძირითად გამზირსა და 1000-მდე ქუჩას ჩაუტარდება“,-ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამის ურბანული პოლიტიკის პროექტების პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე პანდემიის გამო იყო შეჩერებული, შემდეგი 4 წლის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება.

„შემდეგი 4 წლის განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს ყველა მსხვილი გამზირისა თუ ქუჩის რეაბილიტაცია. როდესაც რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, აქ ავტომატურად იგულისხმება არა მხოლოდ ასფალტის საფარის მოწყობა, არამედ როგორც მიწისზედა, ასევე მიწოსქვეშა კომუნიკაციების სრული რეაბილიტაცია. პირველი ასეთი პროექტი არის აკაკი წერეთლის გამზირი, რომელიც დამეთანხმებით, რომ ნამდვილად სავალალო მდგომაროებაშია იქ არსებული მიწისქვეშა კომუნიკაციების მწყობრიდან გამოსვლის გამო. ვაჟა-ფშაველას გამზირი ერთ-ერთი ცენტრალური გამზირია ქალაქისთვის. ასევე, რუსთაველის გამზირი, რომელიც განსაკუთრებულია ჩვენი ქალაქისთვის თავისი ისტორიულობისა და სილამზიდან გამომდინარე. ასევე, მელიქიშვილისა და ქეთევან დედოფლის გამზირი, რომლის ტენდერი უკვე დასრულებულია, გვყავს გამარჯვებული კომპანია და უახლოეს პერიოდში დაიწყება ამ გამზირის რეაბილიტაცია. ამას გარდა, არის ბელიაშვილის, გოძიაშვილის და უნივერსიტეტის, კრწანისის ქუჩები და კოჯრის გზატკეცილი. ეს გამზირები, ქუჩები და გზატკეცილები არის ის მსხვილი ობიექტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედაქალაქისთვის“, – განაცხადა მერის მოადგილემ.

როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თბილისის შემოერთებული ტერიტორიებზეც გაგრძელდება. მისივე თქმით, საგზაო და მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოები სოფელ დიღმისა და, ასევე, დედაქალაქის სხვა დასახლებებშიც განხორციელდება.

„როდესაც ვსაუბრობთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, ავტომატურად იგულისხმება როგორც წყალარინების, წყალმომარაგების, ასევე, სანიაღვრე ქსელების მოწესრიგება. როგორც წესი, საგზაო ინფრასტრუქტურის მხრივ ყველაზე დიდი პრობლემები გვაქვს შემოერთებულ ტერიტორიებზე და გარეუბნებში. ეს არის სოფელი დიღომი, ავჭალის დასახლება, ივერთუბანი და აფრიკის დასახლება. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის პრიორიტეტული რაიონი და უბნები არ არსებობს. ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც კონკრეტულად იმ უბანში არსებობს. ამის ნათელი მაგალითია კაიროს დასახლება, სადაც ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდით და სადაც სადაც სრული რეაბილიტაცია ჩატარდა გზის. ჩვენ ნამდვილად გრანდიოზული გეგმები გვაქვს ამ მიმართულებით და დარწმუნებული ვარ მათ განხორციელებაში. უნდა აღვნიშნო, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენი მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა ამ მიმართულებას. ამ წლების განმავლობაში 5 400 000 კვ.მ. გზის საფარი მოეწყო და განახლდა”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.