გორის მუნიციპალიტეტს 20 მლნ ლარამდე ვალი აქვს, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელმა, პრიორიტეტების კვლევის დოკუმენტზე მსჯელობისას ისაუბრა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისი თქმით, ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში მზარდია და აღნიშნული ვალის გადახდა მუნიციპალიტეტს არ გაუჭირდება.
“ნიქოზში წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის ავიღეთ ვალი, ნარჩენებით მართვის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები გვქონდა შესასრულებელი და ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის შეძენისთვის ავიღეთ ვალი. საერთო ჯამში სესხად აღებულმა თანხა 200 მლნ ლარამდეა”, – განმარტა დალი ტლაშაძემ.
გორის მუნიციპალიტეტის 2022-2025 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვერსიის საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრა დისტანციურ რეჟიმში, ელექტრონული პლატთფორმის zoom-ის საშუალებით ჩატარდა.
ინფორმაციისთვის, გორის მერიამ პრიორიტეტების დოკუმენტი USAID – ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის GGI – ის მხარდაჭერით შეიმუშავა.