გორის ადგილობრივი ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 8 200 000 ლარით გაიზრდება. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის განმარტებით, ეს იქნება პირველადი ვერსია, ტრანსფერების გარეშე. სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსებისა და ბიუჯეტში ცვლილებების ეტაპობრივად შეტანის შედეგად კი, ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.
დალი ტლაშაძის განმარტებით, 2021 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტში პერიოდულად ცვლილებების შეტანის შემდეგ, ამჟამინდელი დოკუმენტი მე-5 ვარიანტია, რომელიც 60 000 000 ლარითაა წრმოდგენილი.
“რომ შევადაროთ 2021 წლის ბიუჯეტის საწყისი ვარიანტი 2022 წლის ბიუჯტის პირვანდელ ვერსიას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მზარდი შემოსულობებიდან გამომდინარე, გორის ადგილობრივი ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 8 მლნ 200 ათასი ლარით მეტი იქნება. აქ არ შედის ტრანსფერები ცენტრალური ბიუჯეტიდან, რომელიც 2021 წლის დეკემბერში იქნება განსაზღვრული. მოგეხსენებათ, ბიუჯეტში წლის განმავლობაში პერიოდულად შედის ცვლილებები და 2022 წლის ბოლომდე ადგილობრივი ფინანსური დოკუმენტი უფრო მეტი თანხით იქნება წაროდგენილი“, – აღნიშნა დალი ტლაშაძემ.