თენგიზ შერგელაშვილი: თბილისის გენგეგმის პროექტი ჯერჯერობით ნახევარფაბრიკატია

1120

“შენების მოძრაობის” თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი აცხადებს, რომ თბილისის გენგეგმის პროექტი ჯერჯერობით ნახევარფაბრიკატია. მისი თქმით, ეს არ არ არის შეკრული დოკუმენტი და ამ ეტაპზე მასალების ერთობლიობაა, რომლის მიღება თეორიულადაც მიუღებელია.

 

  • როგორ შეფასებთ თბილისის გენერალური გეგმის პროექტს? თუ იცნობთ მას და იწონებთ თუ იწუნებთ? როგორ ფიქრობთ რამდენად სამართლიანად შეარჩია მერიამ „სითი ინსტიტუტის“ პროექტი კონკუსრსის შედეგად?

კონკურსის შედეგებზე ვერაფერს გეტყვით, პროცედურებს არ გავცნობივარ, მაგრამ დოკუმენტი, რომელიც გენგეგმას შეეხება ის არ არის ერთიანი დოკუმენტი. ის არის კოოპერაცია სხვადახვა მასალების ერთობლიობა, ტექსტური და გრაფიკული. ის არ არის შეკრული დოკუმენტი. ჯერჯერობით მხოლოდ შუალედური ვერსია არსებობს. დღეს რომ ვთქვათ რომ არსებობს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელიც დასრულებულია და საკრებულოს სხდომაზე შეიძლება მისი გატანა, ეს ასე არაა. ვნახოთ შემდეგ ეტაპზე რა იქნება წარმოდგენილი.

  • ცვლილებები შევა?

არ ვიცი. ამის დამტკიცება შეუძლებელია, ეს თეორიულადაც გამორიცხულია. ეს არის რაღაც სხვადასხვა მასალების ერთობლიობა. მით უმეტეს მას არც აქვს ნორმატიული აქტის სახე და ა.შ. საბოლოო დოკუმენტი როგორი იქნება იმაზე შეიძლება ვიმსჯელოთ. ჯერჯერობით ეს ნახევარფაბრიკატია. აქამდე რაც ოფიციალურად არსებობს და გვინახია, ეს ნახევარფაბრიკატია.

  • წარმოდგენილი დოკუმენტები თქვენთვის თუ არის მისაღები?

ვერ ვიტყვით, რომ ბევრი სიახლეა. თბილისთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს, მათ შორის 2000-იან წლებშიც ურბანისტების სხვადასხვა ჯგუფები რეკომენდაციებს ამუშავებდა. ცალკეული რეკომენდაციები მისაღები და გასათვალისწინებელია, მაგრამ ამას სჭირდება ერთიან სისტემაში აწყობა.

ჩვენ არ გვაქვს ქვეყანაში საერთო სივრცითი მოწყობის გეგმა. ჯერ ეს უნდა გვქონდეს, შემდეგ თბილისს უნდა ჰქონდეს სოციალ-ეკონომიკური განვითარების გეგმა და აქედან გამომდინარე გენერალური გეგმა, მიწათსარგებლობის გეგმა და ა.შ. საერთო სისტემაში ვერ წარმოვიდგენ ამას, ხელისუფლებას არ აქვს წარმოდგენა სივრცითი მოწყობის გეგმა რა არის. მე რასაც ვუსმენ პრემიერსა და ა.შ. სივრცით გეგმად აღიქვამენ მაგისტრალებისა და გზების გაყვანას.

  • ხელისუფლების გეგმა არათანმიმდევრულია?

არათანმიმდევრულია. იმიტომ რომ სივრცითი მოწყობის გეგმა რომ გვქონდეს თვითმმართველი ქალაქების გაუქმების თემა ასე არ დადგებოდა. დაწყებული იყო პროცესი რაღაცა ტიპის სივრცითი მოწყობის ხედვისა და შემდგომ ნაბიჯებს გადადგამდა. პოლიტიკური კონიუნქტურის გამო ამის გაუქმება ნიშნავს, რომ არათუ სივრცითი გეგმა, არამედ ხედვაც კი არ არსებობს. პრემიერი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები სივრცითი მოწყობის თემაზე საუბრისას საუბრობენ ტრასებზე, აეროპორტებზე და პორტზე.

სივრცითი მოწყობა არსებობს დონეების მიხედვით – ქვეყნის, რეგიონული, ქალაქებისა და სოფლების სივრცითი მოწყობის გეგმა. ცალკე თბილისში რაც გაკეთდა, მასში რასაკვირველია არის ბევრი პოზიტიური რეკომენდაცია, მაგრამ ყველაფერი ერთმანეთთან კარგად არ არის დაკავშირებული. რჩება შთაბეჭდილება, რომ ცალკეულ ნაწილებში რაღაცა აკლია. ზოგიერთი ადგილი ძალიან ჩაღრმავებულია, ზოგიერთი ნაწილია ზოგადია. ამიტომ ვამბობ, რომ დასრულებული არ არის. რაც მე მინახავს თუ ვინმე მის მიღებას აპირებს, ეს წარმოუდგენელია.

  • ამ პროექტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ე.წ. ელიავას ბაზრობის საკითხი. სხვადასხვა ვერსიებია ამასთან დაკავშირებით. არის საუბარი რეკრეაციული ზონის განთავსებაზე, სავაჭრო ცენტრების აგებაზე და ა.შ. თქვენ როგორ აპირებთ მის დარეგულირებას?

ყველაზე მთავარია, რომ თბილისში შევქმნათ გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი. დღეს რომ ვთქვა, რომ ამის გაკეთება მაქვს გადაწყვეტილი, არასერიოზული იქნება. ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ გადაწყვეტილების მიღების სისტემა, დაველოდოთ გენგეგმის დამტკიცებას, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული, სად რა ზონები უნდა იყოს. სხვათა შორის გენგეგმამ უნდა გაიაროს გარემოს დაცვითი ექსპერტიზა. ჩვენ თუ დღეს ქალაქის ცენტრში ერთ სულ მოსახლეზე გვაქვს 1.5 კვადრატული მეტრი გამწვანება, ხოლო პერიფერიებში 7-მდე ადის და ჩვენ თუ საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმაში დავისახავთ, რომ ცენტრალურ უბნებში უნდა გაიზარდოს ეს მაჩვენებელი, მაშინ ეს მხოლოდ ჩვენი სურვილი, განაცხადი კი არ უნდა იყოს, არამედ დეტალურად უნდა იყოს ჩადებული გენგეგმაში. ეს უნდა იდოს გენგეგმაში თუ როგორ და რა ვადაში უნდა მოხდეს ეს. რუკაზე უნდა იყოს მონიშნული ის სივრცეები, სადაც უნდა მოხდეს გამწვანება. შესაბამისად ამის გარეშე გადაწყვეტილების მიღება ისევ უსისტემობამდე მიგვიყვანს.

ელიავას ბაზრობა ასე რომ არ უნდა დარჩეს, ფაქტია. იქიდან რა ნაწილი დაეთმობა სავაჭრო ცენტრს და რა ნაწილი გამწვანებას თუ სხვა მიზნებს, ეს უკვე დეტალური მუშაობის შემდეგ უნდა გაირკვეს. ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილზე აბსოლუტურად ქაოტური ვაჭრობა გვაქვს, რომელიც ძალიან შორსაა სიჯანსაღესთან და ნორმალურ გარემოსთან.

წყარო: აიპრესი