მიქანაძე: გუნდში ჩამოვყალიბდებით საერთო პოზიციაზე მეორე მოსმენისთვის – ახლა მიმდინარეობს მსჯელობა 2%-იანი ბარიერი იქნება შენარჩუნებული თუ არა

655

გუნდში ჩამოვყალიბდებით საერთო პოზიციაზე მეორე მოსმენისთვის და შესაბამისად, ამის შესახებ საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული – ახლა მიმდინარეობს მსჯელობა 2 პროცენტი იქნება შენარჩუნებული თუ არა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა გივი მიქანაძემ ბარიერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც მმართველი გუნდი შარლ მიშელის დოკუმენტის მონაწილე იყო, მასში ასახული პუნქტები გარკვეულ ვალდებულებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა ახლა ყველა პუნქტი განხილვას ექვემდებარება.

“მყარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბარიერი არ უნდა იყოს 5% – ეს საზოგადოებისთვის და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ცალსახაა. ჩვენ მხარი დავუჭირეთ იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პირველი მოსმენით გავიდა 7 სექტემბერს, რა თქმა უნდა, მეორე მოსმენაზე უკვე დეტალური განხილვა იქნება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მოსაზრება. კონსულტაციები ამ საკითხზე მიმდინარეობს, გუნდში ჩამოვყალიბდებით საერთო პოზიციაზე მეორე მოსმენისთვის და შესაბამისად, ამის შესახებ საზოგადოება დეტალურად იქნება ინფორმირებული. ახლა მიმდინარეობს მსჯელობა 2 პროცენტი იქნება შენარჩუნებული თუ არა. დოკუმენტი ჩვენთვის არ არსებობს, ის დოკუმენტი ჩვენთვის არის ანულირებული, ჩვენ გავაგრძელებთ არამარტო ამნისტიის, არამედ მართლმსაჯულების და სხვა მიმართულებით რეფორმებს იმიტომ კი არა, რომ ეს იმ დოკუმენტში ეწერა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი. ეს რეფორმები გაგრძელდება და ძალიან მალე საზოგადოება დარწმუნდება, რომ ჩვენ ამ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ და იქნება მართლაც ძალიან მაღალი სტანდარტის რეფორმები განხორციელებული.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ბარიერს, ეს გარკვეულ ვალდებულებასთან იყო დაკავშირებული, როდესაც ჩვენ ამ დოკუმენტის მონაწილე მხარე ვიყავით. როდესაც ჩვენ გავედით ამ დოკუმენტიდან და დავუბრუნდით კონსტიტუციურ ჩარჩოებს, რა თქმა უნდა, საფუძველი გაჩნდა იმისა, რომ განგვეხილა ყველა პუნქტი, რეალურად ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებთან რამდენად არის დაკავშირებული, ამიტომ თითოეულ პუნქტზე მიმდინარეობს მსჯელობა. ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს და თუ რაიმე ცვლილება იქნება საზოგადოება იქნება ინფორმირებული”, – განაცხადა მიქანაძემ.