„ქართული ოცნება“: არჩევნებზე რეგისტრირებული ადგილობრივი ორგანიზაციებიდან 12 „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში, 3 – „ევროპულ საქართველოსთან“

789

„8 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკოს მიერ, 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის, 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება ნათელს ხდის, რომ ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, არჩევნებს აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ არიან აფილირებულნი სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის განცხადების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 15 ადგილობრივი ორგანიზაცია გამოავლინეს, რომელთაგანაც 12 „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში, 3 – „ევროპულ საქართველოსთან“.

„ხშირ შემთხვევაში, მსგავსი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლების ძირითად მიზანს საარჩევნო უბნებზე საარჩევნო პროცესის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობისთვის ხელის შეშლა და პროვოკაციული მოქმედებების განხორციელება წარმოადგენს, რათა როგორც საერთაშორისო პარტნიორებსა და მოკავშირეებს, ისე ჩვენს საზოგადოებას წინასწარ შეექმნას აღქმა ქვეყანაში საარჩევნო პროცესის ვითომდაც „კანონდარღვევით“ მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ოპოზიციური პარტიებისთვის არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში, მათი უმრავლესობის მხრიდან ადგილი აქვს აღნიშნული „აღქმების“ გამოყენებას, ჩატარებული არჩევნების „გაყალბებულად“ წარმოჩენასა და საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართველი ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რისი ნათელი გამოხატულებაც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდში განვითარებული დესტრუქციული მოვლენები. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩვენ საზოგადოებას და დასავლელ პარტნიორებს წარვუდგინეთ ინფორმაცია და ვამხილეთ ის ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ კავშირში იყვნენ კონკრეტულ ოპოზიციურ პოლიტიკურ სუბიექტებთან (ძირითადად ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან, ევროპულ საქართველოსა და სტრატეგია აღმაშენებელთან). ცესკოს მიერ, მაშინ რეგისტრირებული 120 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციიდან 32 საჯარო წყაროებით იყო მხილებული, როგორც აფილირებული აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიებთან“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი, რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა არჩევნებისთვის, არამედ დესტრუქციისთვის ემზადებიან“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.