ცესკო-მ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მემორანდუმი შეიმუშავეს და დღეს ხელი მოაწერეს. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, ეს მნიშვნელოვანი მემორანდუმია.
„ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ერთად, რომელშიც ასევე ჩართულია უწყებათაშორისი კომისია, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორის, „აიფესის“ პლატფორმის ბაზაზე მომზადდა დოკუმენტი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით, მათ შორის, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის წესთან მიმართებაში იმ ნორმების განმარტებებთან დაკავშირებით, რომელიც რიგ შემთხვევაში იძლევა ორმაგი გაგების შესაძლებლობას.
ჩვენ ამ მემორანდუმზე ხელმოწერით ვთანხმდებით, რომ ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ვიხელმძღვანელებთ ზუსტად იმ განმარტებებით, რა განმარტებებზეც ამ მემორანდუმის ფარგლებში ვთანხმდებით, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს მოხსნის ამ პროცესთან მიმართებაში. ეს არის ის ტრადიციული ხელმოწერა, რომელსაც ჩვენ კიდევ რამდენიმე წელია არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ვახორციელებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერის შესაძლებლობა ექნებათ ასევე პოლიტიკურ გაერთიანებებს და მაღალი გამოხმაურება იქნება”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.
საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი აცხადებს, რომ ეს მემორანდუმი მნიშვნელოვანია, რადგან გარკვეულ საკითხებზე ერთნაირი პოზიცია, ერთნაირი ხედვა აქვთ და ამ საკითხებთან დაკავშირებით რეაგირებაც ერთიანი იქნება.
როგორც სიმონიშვილმა განმარტა, არის საკითხები, რაზეც ვერ შეთანხმდნენ და ღიად დატოვეს.
“ჩვენ რამდენიმე დღის წინ, ხელი მოვაწერეთ ცესკო-ს ინიცირებით “ეთიკის კოდექსს”, სადაც ცესკო-ც, ხელმომწერი ორგანიზაციებიც ვთანხმდებით გარკვეული თამაშის წესებზე, დავიწესეთ გარკვეული თვითშეზღუდვა ეთიკურად მოქცევასთან დაკავშირებით. დოკუმენტით, რასაც დღეს ვაწერთ ხელს, ყველა ორგანიზაცია, მათ შორის ცესკო-ც გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ვთანმხდებით, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით გვექნება ერთგვაროვანი განმარტებები გარკვეულ საკითხებზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ასეთ საკითხებთან დაკავშირებით წინასწარ შევთანხმდეთ, რომ ერთგვაროვანი პრაქტიკა, ერთგვაროვანი შეხედულებები გვქონდეს გარკვეულ საკითხებზე. არის საკითხები, რაც ღიად დავტოვეთ და ვერ ვთანხმდებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები, თუმცა, ეს მემორანდუმი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც გარკვეულ საკითხებზე ერთნაირი პოზიცია, ერთნაირი ხედვა გვაქვს და ამ საკითხებთან დაკავშირებით რეაგირებაც ერთიანი გვექნება”, – განაცხადა სიმონიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დირექტორის ნინო დოლიძის განცხადებით, ცესკო-სთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ერთგვაროვანი განმარტება შეიმუშავეს, რათა წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლო ფაქტებზე რეაგირება ერთგვაროვანი იყოს.
„თქვენ იცით, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება წინასაარჩევნო პერიოდში, ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის- ხოლმე, რომელიც მრავალი წელია გრძელდება. ძალიან ხშირად კანონმდებლობა არ არის ერთიანი ან ცალსახა, როგორ უნდა მოხდეს მისი ინტერპრეტაცია. სწორედ ამიტომ, მრავალი წელია არასამთავრობო ორგანიზაციები, ცესკოსთან ერთად, ცდილობენ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ერთგვაროვანი განმარტება გააკეთონ, რათა წინასაარჩევნო პერიოდში თუ ექნება ადგილი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, ერთგვაროვნად მოხდეს ხოლმე ამაზე რეაგირება. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გვექნება ამ საკითხთან დაკავშირებით დავები, აქაც ერთგვაროვანი პრაქტიკა იყოს. ამას ვუერთდებით დღეს. ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია ეს დოკუმენტი რეალობაში იქნას გამოყენებული და ზუსტად ისე მოხდეს ადმინისტრაციული რესურსის ინტერპრეტირება, როგორც ეს დოკუმენტშია მოცემული,“- განაცხადა ნინო დოლიძემ.