ქუთაისში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

280

დევნილთა სააგენტომ ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქუთაისში, საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას 7 ოქტომბრის ჩათვლით შეძლებენ.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის შევსება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ. განაცხადები ასევე მიიღება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:

ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106; გორი სამების ქუჩა N1;

რუსთავი, კოსტავას ქ.N20.

განაცხადი უნდა განაახლონ იმ დევნილმა ოჯახებმაც, რომლებსაც ქუთაისში ბინის მიღების მოთხოვნით აპლიკაცია წინა წლებში აქვთ შევსებული.

ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე 800 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 5 კორპუსი შენდება.

16-სართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსის სამშენებლო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.