ჩერქეზიშვილი: კალაძის განცხადება, რომ მეტროსადგურ “გოცირიძის” რეაბილიტაცია ექსპერტიზის დასკვნის გამო გაჭიანურდა, არასერიოზულია

246

კალაძის განცხადება, რომ ექსპერტიზის დასკვნამ მეტროსადგურ „გოცირიძის“ ბაქნის არამდგრადობა გამოავლინა და სარეაბილიტაციო სამუშაოები ამის გამო გაჭიანურდა არის არასერიოზული, – ამის შესახებ „ლელოს“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატმა ნიკა ჩერქეზიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, აჯობებდა კახა კალაძეს აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტაზე ესაუბრა და არა პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე.

„ადამიანებს აინტერესებთ, როდის აღდგება მეტროსადგურის მუშაობა. მათ აქვთ კონკრეტული პრობლემა და სჭირდებათ ამ პრობლემის გადაწყვეტა. მერია იმისთვის არსებობს ქალაქში, რომ ადამიანებს ეს საჭიროებები დაუკმაყოფილოს და არა იმიტომ, რომ ათასი მიზეზით თავი იმართლოს და პრობლემა დატოვოს მოუგვარებელი. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის თებერვალში სრულად უნდა დასულებულიყო, ახლა სექტემბერია და არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობა იქაურობას, რომ უახლოეს პერიოდში ეს სამუშაოები დასრულდება. კალაძეს აჯობებდა პრობლემის გადაწყვეტაზე ესაუბრა და არა იმაზე, რატომ არის პრობლემა. ჯერ ითქვა, რომ კონტრაქტორი კომპანია იყო პრობლემური და ამიტომ გაიწელა სარეაბილიტაციო სამუშაოები, შემდეგ მიზეზად დასახელდა, რომ ბაქანია არამდგრადი, ხვალ სხვა მიზეზს გამოძებნიან და ა.შ. ეს ერთი მხარეა, მეორე მხარე არის ის, რომ როცა სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება, უკვე მზად არის სრული დოკუმენტაცია, სადაც დეტალურადაა გაწერილი რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს, რა ფასად და რა ვადაში. პოსტ-ფაქტუმ არ უნდა იგებდეს მოსახლეობა, რომელიც კონკრეტულ დროს ელოდება სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციაში გაშვებას, რომ ვადა გახანგრძლივდა, მითუმეტეს, რომ ეს გახანგრძლივება არ არის ერთჯერადი და მრავალჯერადია. ამ ძალიან მნიშვნელოვან ადგილზე გადაადგილების ერთადერთი საშუალება არის მეტრო. აქ არ მოძრაობს არც სამარშრუტო ტაქსები, არც სამგზავრო ავტობუსები. ფაქტი არის ის, რომ როცა სექტემბრის შუა რიცხვებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, მეტრო „გოცირიძის“ მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის ეს არაფერს შეცვლის, ისინი ისევ ჩაკეტილი და შეზღუდული დარჩებიან. დღეს მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ არ არის არანაირი საინფორმაციო დაფა, საიდანაც მოსახლეობა გაიგებს, როდის აღდგება მეტროსადგურის მუშაობა“, -განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.