პარტია „ანა დოლიძე- ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ, დედაქალაქის განვითარების ხედვა წარადგინა.
როგორც ანა დოლიძემ განაცხადა, მისი, როგორც მერობის კანდიდატის სლოგანია – „თბილისი ხალხისთვის“.
„მეგობრებო, დღეს არის ის მომენტი, რომელიც ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ეს მომენტი არის შესაძლებლობა, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოვტოვოთ. ეს არის შესაძლებლობა, რომ ავაშენოთ მდიდარი ქვეყანა, შესაძლებლობა, რომ შევქმნათ სამართლიანი სასამართლო, რომ ჯანდაცვა გავხადოთ ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. შესაძლებლობა, რომ ავაშენოთ ხარისხიანი განათლების სისტემა და ბოლოს და ბოლოს, პატივი ვცეთ გარემოს. ჩვენს გარშემო ბევრი ეცდება დაგარწმუნოთ, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი, რომ დაამცირონ ჩვენი მისწრაფებები და ოპტიმიზმი, მაგრამ ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია უკეთესის გაკეთება, რადგან უკვე გაგვიკეთებია, გვიბრძოლია, იმიტომ, რომ აგვიშენებია და ბოლოს და ბოლოს იმიტომ, რომ ვიმსახურებთ. ვიმსახურებთ უკეთეს სახელმწიფოს, უკეთეს სასამართლოს, უკეთეს განათლებას, ჯანდაცვას და ბევრად უკეთეს გარემოს,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.
რაც შეეხება პრიორიტეტებს, ანა დოლიძის თქმით, ესენია: მდიდარი ქალაქი – ნახტომი ეკონომიკაში, თბილისი მწვანე ქალაქია, კორუფციასთან ბრძოლა და მმართველობა ხალხისთვის, ინფრასტრუქტურა ხალხისთვის, უსაფრთხო ქალაქი, თბილისი მზრუნველი ქალაქი.