დღემდე 2000-ზე მეტი ოჯახი საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა – მხედველობაში მაქვს ბინების დაკანონება იმ პირებისთვის, ვინც სახელმწიფო დაწესებულებებში 10, 15-20 წელია ცხოვრობდნენ და ვერ იკანონებდნენ ამ ფართებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ 2017 წელს ეს მისი გუნდის წინასაარჩევნო დაპირება იყო.
„დაახლოებით 300 მილიონზე მეტი ღირებულების თანხა უკვე გადაცემულია ასეთ ოჯახებზე. დღეს ვარკეთილის რაიონში 55 ოჯახს საცხოვრებელ ბინებს დავუკანონებთ. მათ გადაეცემათ საკუთრებით დამადასტურებელი მოწმობა. ამასთან, მინდა გითხრათ, რომ დღეს მთავრობის სხდომაზე 12 ოჯახისთვის საკუთრების დაკანონების საკითხზე ვიმსჯელებთ. საუბარია საცხოვრებელ ფართებზე, სადაც ეს ხალხი უკვე წლებია, რაც ცხოვრობს. მათ ეს ფართი სიმბოლურ ფასად დაუკანონდებათ და 12 ოჯახი მიიღებს საკუთრებას გლდანში“, – განაცხადა კალაძემ.
როგორც მან ასევე აღნიშნა, ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება. მისი თქმით, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ყველა იმ ოჯახს დაეხმარება, ვისაც აღნიშნული პრობლემა აწუხებს.