სოციალურად დაუცველი სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 10 სექტემბრიდან 30 ოქტომბრამდე განცხადებების მიღებას ვიწყებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კალაძის განცხადებით, გასულ წლებში ამ პროგრამაზე მოთხოვნა მაღალი იყო და ჯამში 5000-მდე სტუდენტს დაუფინანსდა სწავლის საფასური. „2021 წელს კი პროგრამაში ცვლილებები შევიტანეთ და გავაფართოეთ. ცვლილებების შედეგად, ახლა უფრო მეტ სოციალურად დაუცველ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს პროგრამით და მიიღოს სწავლის დაფინანსება. თუ 2021 წლამდე ფინანსდებოდნენ თბილისში რეგისტრირებული, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 70 000 ან ნაკლები იყო, დღეს ფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული ის სტუდენტები, რომელთა ოჯახების სოციალური ქულა 150 000 ან ნაკლებია“, – აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში, ამ ცვლილებების შედეგად 1 400-მდე სტუდენტი დაფინანსდა.
„გასაცემი დაფინანსება, რომლის მაქსიმალური ოდენობა არის წლიურად 2 250, ხოლო სემესტრულად 1 125 ლარი, დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებულ აკადემიურ მოსწრებაზე. სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსებისთვის თანხა გაიცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ“, – განაცხადა კალაძემ.