დიდ დიღომში, მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, მუნიციპალიტეტის მიერ დაბრუნებულ, 1 ჰექტარ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისელებისთვის ცნობილია მისი დამოკიდებულება რეკრეაციული სივრცეების შექმნის მიმართ და იციან, რომ ეს მიდგომა მისი მერობის პერიოდში უცვლელად შენარჩუნდება.
„ამჯერად მინდა გაგიზიაროთ განსაკუთრებით სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი დიდ დიღმელებისთვის. ამ უბნის მოსახლეობა რამდენიმე წლის წინ ითხოვდა დიდი დიღმის მეორე და მესამე მიკრორაიონებს შორის, ე.წ. წრესთან მდებარე გაუნაშენიანებელ ტერიტორიაზე რეკრეაციული სივრცის მოწყობას. სამწუხაროდ, ეს ტერიტორია წინა ხელისუფლების დროს კერძო მესაკუთრეებზე იყო გაყიდული და მუნიციპალიტეტს მოსახლეობის სურვილის გათვალისწინების არავითარი ბერკეტი არ გააჩნდა. დაახლოებით, ორი წელი დასჭირდა ამ საკითხზე საბურთალოს გამგეობის, თბილისის მერიისა და დედაქალაქის საკრებულოს მუშაობას. შედეგად, მივაღწიეთ იმას, რომ მუნიციპალიტეტმა დაიბრუნა ტერიტორია და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის და თხოვნის გათვალისწინებით, აქ, ერთ ჰექტარზე მოეწყობა ვრცელი რეკრეაციული სივრცე, რომელიც, შეიძლება ითქვას დიდი დიღმის სავიზიტო ბარათად იქცევა.
მინდა დავავალო საბურთალოს რაიონის გამგებელს, გიზო ვასაძეს, შეუდგეს ამ ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების განხორციელებას, რათა მალევე, აქაც მოეწყოს ისეთივე ლამაზი და საინტერესო სივრცე, როგორიც ჩვენ რამდენიმე დღის ფანასკერტელის ქუჩაზე ვიხილეთ“, – განაცხადა კალაძემ.