“ჩვენ გვაქვს სისტემურ პრობლემასთან საქმე და „შენების მოძრაობის“ დამოკიდებულება გულისხმობს თემების სისტემურად მოგვარებას” – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, თენგიზ შერგელაშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც პანორამა თბილისისთვის პუშკინის სკვერის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის ერთ ლარად გადაცემას ეხებოდა.
მისი თქმით, ერთ ლარად ქონების გადაცემა პრაქტიკაში “ნაციონალურმა მოძრაობამ” დანერგა, რომელიც 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსით აიკრძალა. 2015 წელს კი, პარლამენტში ყოფილმა ვიცე-მერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ამ უფლების დაბუნების შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა.
„ერთ ლარად ქონების გადაცემის თემა, პრაქტიკაში შემოიტანა ნაციონალურმა მოძრაობამ. 2014 წელს თვითმმართველობის კოდექსით ჩვენ ავკრძლეთ მუნიციპალიტეტების მიერ აუქციონის გარეშე პირდაპირი წესით ქონების გადაცემა. 2015 წელს, მას შემდეგ როდესაც თბილისის ვიცე-მერი გახდა დიმიტრი ქუმსიშვილი, მის მიერ პარლამენტში ინიცირებული იქნა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც მუნიციპალიტეტებს უნდა დაბრუნებოდათ ეს უფლება. ამ დროს მე ვიყავი რეგიონალაური განვითარების და ინფრასტუქტურის მინისტრის მოადგილე და არ დავთანხმდი, რომ პარლამენტში წამეღო ეს კანონპროექტი. საბოლოო ჯამში კი ეს ინიცირება პარლამენტში მოახდინა გია ჟორჟოლიანმა, რომლის მიხედვითაც დანარჩენ მუნიციპალიტეტებს ეს აკრძალვა დარჩა, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა ეს უფლება. მას შემდეგ უამრავი ქონება იქნა გაცემული ერთ ლარად“ – აღნიშნა თენგიზ შერგელაშვილმა ტვ პირველის პირდაპირ ეთერში.
მისი განმარტებით, ყველა ქონება, როგორც ცენტრალურ ასევე მუნიციპალურ დონეზე უნდა ხდებოდეს აუქციონის წესით.
„მუნიციპალიტეტის ქონება, ეს არის მოსახლეობის ქონება და მისი განკარგვა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ, აუქციონის წესით და ვინც უფრო მეტს გადაიხდის ამ წესით უნდა ხდებოდეს ქონების განკარგვა“ – განაცხადა „შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა თენგიზ შერგელაშვილმა.
წყარო: აიპრესი