გორის მერი: უფლებამოსილების ვადა ისე მეწურება, სპორტკომპლექსი არ ჩაგვბარებია

361

სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად, გორის სპორტის სასახელე მუშაობის დაწყებას მაინც ვერ შეძლებს. მიზეზი იგივეა – ლონდონის სასამართლოში მიმდინარე პროცესი, სადაც ტენდერში გამარჯვებულმა კანადურმა კომპანიამ დამკვეთ უწყებას, ამ შემთხვევაში სპორტის სამინისტროს უჩივლა. გაჭიანურებული პროცესების გამო ობიექტი გორის მერიას ამ დრომდე არ გადასცემია. შესაბამისად, მასთან დაკავშირებულ დეტალებზე მუნიციპალიტეტში ინფორმაციას არ ფლობენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“ჩვენთან ამ დრომდე არავინ ჩამოსულა და არავის უთქვამს, რომ ყველაფერი წესრიგშია და ობიექტი ჩაიბარეთო. როგორც ვიცი, იქ ძვირადღირებული გათბობა და ვინტილაციის სისტემაა. გადმოცემის შემდეგ მუნიციპალიტეტს მთელი რიგი ხარჯების გათვალისწინება მოუწევს. ეს იქნება ხელფასები, კომუნალური გადასახადები და ა.შ. მოვლა-პატრონობა ჩვენზე გადმოვა. ფიზიკურად რომ შეხედავ შენობას შეიძლება ითქვას, რომ მშვენიერია. იყო რაღაც ხარვეზები და შენიშვნები, რაც როგორც ვიცი გამოსწორებულია, დანარჩეი დეტალები ალბათ მას შემდეგ გვეცოდინება, რაც ეს კომპექსი ჩვენს ბალანსზე გადმოვა”,-უთხრა რადიო “მოზაიკას” გორის მერმა.

ინფორმაციისთვის, სპორტის სასახლის მშენებლობა გორში, ჭალის დასახლებაში 2016 წლის დეკემბერში დაიწყო და 2017 წლის 20 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, თუმცა მას შემდეგ გორში თვითმმართველობის არჩევნები უკვე მეორედ ტარდება და ობიექტი ადგილობრივ ხელისუფლებას ისევ არ გადასცემია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ამ საკითხზე კომენტარი მმართველი გუნდის მაშინდელმა მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმაც გააკეთა. მან აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ობიექტის ფუნქციონირების დაწყებას ხელს აღარაფერი შეუშლიდა, თუმცა ახლა ის “ქართულ ოცნებას” აღარ წარმოადგენს და შესაბამისად მისი ეს დაპირებაც ამ დროისთვის განუხორციელებელი რჩება.