ოხანაშვილი: გუნდი შეთანხმებულია და როცა არ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, 2%-იანი ბარიერითა და სრული პროპორციული სისტემით გაიმართება

277

გუნდი შეთანხმებულია, როცა არ უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, მომდევნო ორი არჩევნები 2%-იანი ბარიერითა და სრული პროპორციული სისტემით გაიმართება, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ამასთან, ოხანაშვილმა დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ 2024 წლამდე პარლამენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარება არ განიხილება.

“გვჯერა, რომ ჩვენ ჩვენი საზოგადოების კონსოლიდაციას შევძლებთ და არჩევნებში დამაჯერებელი უპირატესობით გავიმარჯვებთ. გუნდი შეჯერებულია, გვაქვს კონსენსუსი ცვლილებებზე, რომელიც მომდევნო ორი არჩევნების სრული პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებებით უქმდება 2020 წლის ივნისში მიღებული გარდამავალი ნორმა, რომლის მიხედვით, 2024 წლამდე პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ერთხელ ან მრავალჯერ ჩატარების შემთხვევაში, არჩევნები შერეული სისტემით უნდა გაიმართოს.