კალაძე: მიზანმიმართულად ვრცელდებოდა ტყუილი, თითქოს გახარია იყო „ოცნების“ პროექტი, თბილისში ჩემ წინააღმდეგ საკუთარი კანდიდატურის დაყენებით, ეს ტყუილი დადასტურდა

181

მიზანმიმართული ტყუილი ვრცელდებოდა, თითქოს გიორგი გახარია იყო „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის პროექტი. შესაბამისად, ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი და დადასტურდა კიდეც, როდესაც მან თბილისში თავისი კანდიდატურა დააყენა ჩემ წინააღმდეგ, – ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედმა მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ სიმართლე ყველასთვის ნათელი უნდა იყოს.

„ალბათ იმ ადამიანებისთვის, ვინც კი გაურკვევლობაში იყვნენ, საეჭვოდ უყურებდნენ ამას, ფიქრობდნენ, მართლა ასე ხომ არ არისო, სიმართლე ყველასთვის ნათელია. შესაბამისად, ალბათ ამიტომ იღებენ გადაწყვეტილებას, როდესაც ტოვებენ პარტიას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, როგორც კალაძე ამბობს, მისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა და კონკურენტი ქალაქში არსებული პრობლემებია.

„კონკურენციას რაც შეეხება, ჩემი კონკურენტი და ყველაზე დიდი გამოწვევა არის არსებული პრობლემები ქალაქში“, – განაცხადა კახა კალაძემ.