ლევან დავითაშვილი: რაჭა თავის სიტყვას იტყვის და მსოფლიო რუკაზე იქნება გამორჩეული ადგილი ღვინის ტურიზმის კუთხით

816

რაჭა, ეს არის ადგილი, სადაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასახელების ღვინო – ხვანჭკარა იწარმოება – რაჭა თავის სიტყვას იტყვის და მსოფლიო რუკაზე იქნება გამორჩეული ადგილი ღვინის ტურიზმის კუთხით, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენაზე.

მისი თქმით, არ შეიძლება არ გაიხსენოს ის რეალობა, რომელიც 2012 წელს დახვდათ.

“გვახსოვს, რამდენად რთული, პრობლემური იყო, მეღვინეობის დარგის მდგომარეობა. 2012 წელს, დაახლოებით 400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული მოდიოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ეს იყო ის რაოდენობა, რითაც ხვანჭკარა იწარმოება. რამდენიმე წელი, ეს რიცხვი, ინერციით მიჰყვებოდა სექტორს. მინდა გითხრათ, რომ დღეს, ეს რეალობა აბსოლუტურად შეცვლილია. 2020 წელს, გადამუშავებული ყურძნის – ალექსანდროულის და მუჯურეთულის რაოდენობა 2500 ტონას აღემატებოდა. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ რამდენად დიდია განსხვავება 2013 და 2020 წლებს შორის. 7 წელიწადში ყურძნის მოსავლის რაოდენობა გაექვსმაგდა”, – განაცხადა დავითაშვილმა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რაჭის რეგიონი სამინისტროსთვის არაერთი ძალიან კარგი პროექტის საპილოტე რეგიონია. სწორედ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაიწყო მევენახეობის კადასტრის წარმოება. პირველი აღრიცხვების შედეგად, მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარი ვენახი ფიქსირდებოდა. დღეისათვის რეალობა ამ მიმართულებითაც შეცვლილია. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სავენახედ ვარგისი მიწა უკვე ათვისებულია ან მიმდინარეობს ვენახების გაშენება. ფაქტობრივად, აუთვისებელი მიწა აღარ არსებობს.

,,ფერმერის წარმატების ერთ-ერთი მანიშნებელი მის მფლობელობაში არსებული აქტივია. სასოფლო-სამეურნეო მიწა არის ის ძირითადი აქტივი, რომელიც ჩვენს ფერმერებს გააჩნიათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი ამბროლაურში რამდენიმეჯერ გაიზარდა და საქართველოში ის ყველაზე ძვირია. ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც სავენახედ გამოდგება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ათეულობით ათასი ლარი ღირს. ეს არის უპრეცენდენტოდ მაღალი რიცხვი და პირდაპირი შედეგი ჩვენი პოლიტიკის, რაც გულისხმობს ფერმერების მხარდაჭერას, კერძო ინიციატივების მხარდაჭერას. სახელმწიფო არ არის თქვენი კონკურენტი, სახელმწიფო თქვენი მხარდამჭერია, შესაბამისად, მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ. ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ ამ ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი და მივიღოთ კიდევ უფრო მეტი შედეგი“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყოველ წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მხოლოდ მოსავლის დაბინავების შედეგად, კერძოდ, რთველის შედეგად, 10 მლნ ლარზე მეტი შედის. შემდგომ, აღნიშნული თანხა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში გადადის – ხმარდება სერვისებს, მომსახურებას, ვაჭრობას, მშენებლობას და ა.შ. რეგიონში განხორციელებული სწორი პოლიტიკის შედეგად, მომავალში, უფრო მეტი ხელშესახები შედეგი იქნება.

2012-2013 წლებისთვის, ფაქტობრივად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 3 ტრადიციული საწარმო, ფაქტობრივად ტექნიკური გადაიარაღების გარეშე ფუნქციონირებდა და სავალალო მდგომარეობაში იყო. დღეს, ეს ყველა საწარმო გადაიარაღდა და გზას თუ გავყვებით, დავინახავთ, ძალიან ბევრ ახალი არქიტექტურის საწარმოს, ღვინის მარანს, თუ ღვინის ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რომელიც იძლევა მოტივაციას და სტიმულს, რომ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად. ეს ყველაფერი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს მკაფიო ხედვით გაკეთდა. ვიცოდით, რომ ყურძნის გადამუშავების კუთხით არსებობდა დეფიციტი. მაშინ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო და მისი მხარდაჭერით, გადავწყვიტეთ, დაგვეფინანსებინა ახალი ღვინის საწარმოების შექმნა. შესაბამისად, იაფი შეღავათიანი კრედიტის ფარგლებში, 10 ახალი საწარმო შეიქმნა და მოხდა მოდერნიზაცია, რაჭის რეგიონში გაიზარდა სიმძლავრეები, იმისთვის, რომ უფრო სწრაფად მიგვეღო შედეგები. ფაქტობრივად, ყველა ეს საწარმო, არის სახელმწიფოს თანადაფინანსებით შექმნილი. ჩვენ, ამას გავაგრძელებთ მომავალშიც, გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, რომ ადეკვატური საწარმოო სიმძლავრეები გვქონდეს და ის მიზანი, რომელიც მხარის ხელმძღვანელობას ყოველთვის ჰქონდა – ალექსანდროული და მუჯურეთული, ღირებული და ღირსეული რაჭული ჯიშის ყურძენი, ადგილზე დაბინავდეს და გადამუშავდეს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა შესაბამისი ცვლილებები შევიდა ტექნიკურ რეგლამენტში. იმდენად სწრაფად იზრდება სანედლეულო ბაზა, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები უნდა განხორციელდეს საწარმოო ინფრასტრუქტურაში, შეიქმნას მეტი ახალი საწარმო, მეტი ახალი მარანი, ღვინის ქარხანა იმისთვის, რომ საბოლოო პროდუქტის სწორედ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნას.

„შედეგები უკვე გვაქვს, საერთაშორისო წარმატებები და ოქროს მედლებიც არის და, ის დიდი სახელი, რომელიც რაჭის მეღვინეობას ჰქონდა, ნელ-ნელა უბრუნდება. დარწმუნებული ვარ, რომ რაჭა თავის სიტყვას იტყვის და იქნება მსოფლიო რუკაზე გამორჩეული ადგილი ღვინის ტურიზმის კუთხით, რადგან გარდა ღვინის წარმოების უნიკალური პოტენციალისა და შესაძლებლობისა, ეს არის ულამაზესი მხარე თავისი შესაძლებლობებით, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით, უნიკალური ადამიანებით, რომლებიც არიან ძალიან თბილი და დინჯი, რომელთაც სტუმარი უყვართ და დარწმუნებული ვარ, რომ რაჭა იქნება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი ჩვენ ქვეყანაში. რაჭას ყველაფერი გააჩნია ამისთვის და თქვენთან ერთად, ამ ყველაფერს მივაღწევთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.