მედეა მეტრეველი: ყიფშიძის ქუჩის „ურბანული გენოციდი“ უნდა შეჩერდეს

368

ყიფშიძის ქუჩის „ურბანული გენოციდი“ უნდა შეჩერდეს, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მედეა მეტრეველმა განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის ამჟამინდელმა მერმა, კახა კალაძემ ყიფშიძის ქუჩის ურბანული განადგურება თავადვე დაიწყო.

„2021 წლის თებერვალში, წინასაარჩევნოდ, თბილისი მერმა კახი კალაძემ „ურბანული გენოციდი“ უწოდა სპორტის სასახლის დასახლებას, თუმცა არ გახსენებია რომ ზუსტად ერთი წლის წინ – 2020 წლის 22 აპრილს – თავად მოუწყო ამჯერად უკვე ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას კიდევ ერთი ურბანული გენოციდი და ეს გადაწყვეტილება ერთ თვეში ნოტარიალურად დაუმოწმა თბილისი საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ თბილისის საკრებულოს განკარგულებით“, – განაცხადა მეტრეველმა.

მეტრეველის მტკიცებით, 2020 წლის 15 მაისს, თბილისის მთავრობამ და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთდ, პანდემიის ყველაზე რთულ პერიოდში, მწვანე შუქი აუნთო „გუმბათი ჰოლდინგის“ დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებაზე ყიფშიძის N 1-ში.

როგორც მან აღნიშნა, მიწის ნაკვეთის განაშენების ინტენსივობის კოეფიციენტის გადამეტებაზე 2=5.4 და სამი დიდი 25, 16 და 19-სართულიანი კორპუსის აშენების თაობაზე გაიცა ნებართვა.

„ამ კოორდინირებული გადაწყვეტილებით 2005-2007 წლებში დაუმთავრებელი მშენებლობით 190 დაზარალებული ოჯახის საცხოვრებლით უზრუნველყოფას ამოფარებულმა მერიამ და საკრებულომ დააზარალეს არამხოლოდ დამატებით ათასობით ოჯახი, რომლებიც ცხოვრობენ მშენებლობის გარშემო მიმდებარე კორპუსებში, არამედ თავად დაზარალებული ოჯახებიც, რომელთა მიმართ დავალიანება სახელმწიფოს შიდა ვალად აქვს აღიარებული 2006 წლიდან. თუმცა, ახალი მშენებლობის შემდეგ დაკმაყოფილების შემთხვევაში ამ ოჯახებსაც მოუწევთ ბეტონის კედლებით ჩახერგილ, უჰაერო და დაბინძურებულ გარემოში ცხოვრება“, – განაცხადა მედეა მეტრეველმა.

მისი განმარტებით, ნებართვის გაცემისას არ იყო გათვალისწინებული დასახლების მდგრადი განვითარების საკითხები, არ არსებობდა ტრანსპორტის მოძრაობის სქემა, არ იყო დაცული მომიჯნავე შენობების განათების საკითხი, არ იყო შესწავლილი მშენებლობის გავლენა მომიჯნავე შენობებზე.

„წინა წლებში ყიფშიძის ქუჩაზე მიმდინარე დაჩქარებული განაშენიანების პროცესმა უკვე ისედაც შეუქმნა ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას წყლის მოწოდების, საცობების, ჰაერის დაბინძურების, მწვანე საფარის განადგურების არაერთი პრობლემა. საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია გასცეს პასუხი ყიფშიძის ქუჩის მოსახლეობას და დაზარალებულ ოჯახებს თუ რატომ არ გამოიძებნა საუკეთესო გზები გათვალისწინებულიყო უპირველეს ყოვლისა არა ინვესტორის, არამედ მოსახლეობის ინტერესები, რომლებსაც, ამ მშენებლობის დასრულების შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მოუწევთ უჰაერო, უმზეო და საცობებით სავსე უბანში ცხოვრება“, – აღნიშნა მედეა მეტრეველმა.