შალამბერიძე: ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვანია რეგიონების, თვითმმართველობების გაძლიერება და დეცენტრალიზაცია

330

„პასუხისმგებლობა, რასაც მომავალი მერი იღებს, ეს არ არის მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა ზესტაფონის განვითარებისთვის, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, ყველა მინისტრის და მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალის პასუხისმგებლობა. ჩვენ, როგორც აქამდე, ერთი გუნდით მოვდიოდით და ასე ერთი გუნდით გავაგრძელებთ სვლას, – განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის ვასილ გველესიანის წარდგენაზე.

მისი თქმით, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება, თვითმმართველობების გაძლიერება და დეცენტრალიზაცია.

როგორც გუბერნატორმა აღნიშნა, 2012 წლამდე ყველა სტრუქტურა ჩამოქცეული იყო და ბოლო წლების განმავლობაში პირველი ნაბიჯები გადაიდგა. შესაბამისად, ეს პირველი ნაბიჯები ყოველთვის არის ისეთი, რომ შეიძლება გარკვეული მიმართულებით იყოს ხარვეზები.

„ჩვენ ყველანი ამაზე ვსწავლობთ, მთავარია, რომ ვვითარდებით და წინ მივდივართ. სწორედ ეს არის დღევანდელ დღეს ჩვენი მთავარი მიზანი, რომ ჩვენმა ქვეყანამ უპასუხოს იმ ევროპულ სტანდარტებს, რომლისკენაც მივიღწვით და ვცდილობთ გავაძლიეროთ რეგიონები. ჩემთვის, როგორც მხარეში რწმუნებულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთის, იმ კუთხის სიძლიერე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეგიონია საქართველოში. იმერეთში, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით არის განვითარებული ინდუსტრია და ფაქტიურად ერთ-ერთი ლოკომოტივია ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებისა და ბიუჯეტში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი. ჩვენ ყველა მიმართულებით შევუწყობთ არა მარტო დიდ ბიზნესს ხელს, არამედ ყველა იმ მცირე მეწარმეს, რომელსაც ექნება საშუალება ჩაერთოს და გამოიყენოს ის სიკეთე, რომელსაც სთავაზობს სახელმწიფო. ყველა ეს სიკეთე გვინდა თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ. ამაში საჭიროა თქვენი ჩართულობა, ყველა ადამიანის, რომელმაც შეიძლება ჯერ კიდევ არ იცის, თუ რამხელა სიკეთე შეუძლია მოუტანოს მას სახელმწიფოსთან მჭიდრო თანამშრომლობამ“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მან წარდგენაზე ასევე ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო პროგრამებზე და მოსახლეობას კიდევ ერთხეულ მოუწოდა ჩაერთოს სხვადასხვა პროგრამებში, რასაც ხელისუფლება სთავაზობს თითოეულ მათგანს.

,,ეს პროექტები ყველასთვის ხელმისაწვდომია და ადგილობრივი თვითმმართველობა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულ ადამიანამდე მივიტანოთ ეს სიკეთე. ის პასუხისმგებლობა, რასაც მომავალი მერი იღებს, ეს არ არის მხოლოდ მისი პასუხისმგებლობა ზესტაფონის განვითარებისთვის, ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა, ეს არის ყველა მინისტრის პასუხისმგებლობა და მთლიანად სახელისუფლებო ვერტიკალის. ასე, რომ ჩვენ როგორც აქამდე ერთად, ერთობით და ერთი გუნდით მოვდიოდით, აი ასე ერთი გუნდით გავაგრძელებთ სვლას“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.