გორის მერის მოადგილემ ბინა 2018 წელს დამალა, წელს კი შეცვლილი ფასით გამოაჩინა

277

გორის მერის მოადგილემ, რომელიც პარალელურად “ქართული ოცნების” ადგილობრივი ოფისის აღმასრულებელი მდივანიცაა, ახალი თანამდებობის დაკავების შედეგ პირველი ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ახლად ატვირთული დოკუმენტის მიხედვით, თამაზ შიოშვილის სახელზე მხოლოდ 1 511 კვ.მ-მიწის ნაკვეთია, რომელიც სოფელ ბერბუკში მან 2021 წლის მარტში, 30 000 ლარად შეიძინა.

შიოშვილს 5 280 დოლარი გასულ წელს გასავალში უფიქსირდება, 2016 წელს აღებული სესხის (20 977 დოლარი) დასაფარად. 2020 წლის შემოსავლის გრაფა კი, ცარიელია.

თამაზ შიოშვილი გორის მერის მოადგილედ მიიმდინარე წლის ივნისში დაინიშნა. 2018 წლის შემდეგ მისი ქონებრივი დეკლარაცია აღარ გამოქვეყნებულა. ამბობს, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საჯარო სექტორში აღარ უმუშავია.

ბოლო ორი დეკლარაციის შედარებისას აღმოჩნდა, რომ მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში 2018 წელს გამოქვეყნებულ დოკუმენტში არაფერია რეგისტრირებული, წელს კი იმავე გრაფაში წერია, რომ მისი მეუღლის სახელზე ბინა სხვენთან ერთად, თბილისში, წერეთლის გამზირზე 100 000 ლარად 2010 წელსაა შეძენილი. 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში წერია, რომ ბინა 150 000 ლარადაა შეძენილი, თუმცა შეძენის თარიღი მაშინ არ იყო მითითებული.

ინფორმაციისთვის, თამაზ შიოშვილი 2012 წლის მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 2017 წლის დასაწყისში გორის მაშინდელი მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა. 2017 წლის ოქტომბერში კი, არჩევნების შედეგად გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი გახდა, რომელმაც იმ პერიოდში სხვა მოადგილეები წარადგინა.