კალაძე: როცა ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, მოსყიდვაა? მაშინ უნდა დაგვხუროთ მერია, მე უნდა გადავდგე, სისულელეა თუ ვინმე მოსყიდვაზე საუბრობს

629

სრული სისულელეა თუ ვინმე საუბრობს, რომ ეს არის მოსყიდვა. ჩვენ ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და დავპირდით მოსახლეობას, – ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე განცხადებას, რომ 300-მდე დევნილი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართების 1 ლარად დაკანონება წინასაარჩევნო მოსყიდვაა.

თბილისის მერის ინფორმაციით, დევნილთათვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა 2017 წლის დაპირებაა და 2000-ზე მეტი ოჯახი უკვე დააკმაყოფილეს.

,,როდესაც ნებართვებს გავცემთ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ ესეც მოსყიდვაა? ესეც ზუსტად იგივე მუნიციპალური თემაა, მაშინ უნდა დაგვხუროთ მერია, მე უნდა გადავდგე, მუნიციპალიტეტი აღარ ფუნქციონირებდეს და ეს არის ნორმალური? სრული სისულელეა თუ ვინმე საუბრობს, რომ ეს არის მოსყიდვა. ჩვენ ვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც გვაქვს დაგეგმილი და დავპირდით მოსახლეობას. რა თქმა უნდა, არანაირ გაჩერებას არ ვაპირებთ, მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ ვაპირებთ გადაცემას და დაკანონებას იმ ბინების, სადაც ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ეს იყო 2017 წლის დაპირება, 2000-ზე მეტი ოჯახი უკვე დავაკმაყოფილეთ და კიდევ ბევრს დავეხმარებით ამით”, – აღნიშნა კახა კალაძემ.