წარმოუდგენელია მერმა იმუშაოს 2 000 ლარად – ღარიბაშვილი საჯარო მოხელეებს ხელფასის ზრდას ჰპირდება

981

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. როგორც მან დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განმარტა, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას და წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა.

მისივე თქმით, ასევე გაორმაგდება მერების ხელფასები, რადგან წარმოუდგენელია მერმა იმუშავოს 2000 ლარად და ემსახუროს უზარმაზარ ქალაქს.

„ვუახლოვდებით არჩევნებს. მერების ხელფასები შეადგენს დაახლოებით 1 800 – 2 000 ლარს. ეს აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან. წლების განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასები არ გაზრდილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ლოკალურ გადაწყვეტილებებს სამინისტროების დონეზე. ერთიანი ხედვა მთავრობას არ წარმოუდგენია. ჩვენი ახალი პოლიტიკის ფარგლებში, 2022 წლის იანვრიდან ეტაპობრივად დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას. ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მართლაც ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა, რასაც აუცილებლად გავაკეთებთ 2022 წლის იანვრიდან, ისევე, როგორც გავზრდით მერების ხელფასებს. გადაწყვეტილი გვაქვს, პრაქტიკულად გავაორმაგოთ. წარმოუდგენელია, მერმა იმუშაოს 2 000 ლარად და ემსახუროს ქუთაისს, ბათუმს, წარმოუდგენელია და ეს საკითხი საჭიროებს დროულად გადაწყვეტას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.