„ქართული ოცნების” ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას კარდაკარ ხვდება

1284

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას კარდაკარ ხვდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი ბირბიჩაძე ვაჟა-ფშაველას მე-3 და მე-6 კვარტალში იმყოფებოდა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატს სხვადასხვა საჭიროებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

„მიუხედავად ამინდისა, წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. არჩევნებამდე 18 დღე რჩება და ვცდილობ, ეს დრო მაქსიმალურად ნაყოფიერი იყოს – შევხვდე თითქმის ყველა ამომრჩეველს, მოვისმინო პრობლემები, გავაცნო ჩვენი გუნდის საარჩევნო პროგრამა, რადგანაც სწორი არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია, ამომრჩეველს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რას გააკეთებს მომავალში მის მიერ არჩეული გუნდი. ჩვენ გვაქვს, როგორც ქალაქის, ასევე, თითოეული რაიონის განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელიც, თავის მხრივ, ეკოლოგიური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მუნიციპალური ავტოპარკის განახლებას, ქაოტური განაშენიანების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი და მკაფიო ნაბიჯების გადადგმას, დედაქალაქის იერსახის მოწესრიგებას, ავარიული შენობების გამაგრება-ჩანაცვლებას, პარკირების სისტემის, ასევე, საცობების დარეგულირებასა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს მოიცავს. სწორედ, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვცდილობ მაქსიმალურად ფართო აუდიტორიისთვის იყოს ხელმისაწვდომი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა და კარდაკარი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამისთვის“, – აღნიშნა გიორგი ბირბიჩაძემ.