„სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი: მთავარია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიური იყოს, როცა საარჩევნო საკითხებში დარღვევები გამოვლინდება

368

იკვეთება სურვილი, რომ ეს არჩევნები ჩაატარონ საზოგადოების მაღალი ნდობით, მაგრამ ამ შემთხვევაში სურვილთან ერთად მნიშვნელოვანია თუ როგორ იქნება ეს განხორციელებული პრაქტიკაში. ჩვენ ამას ძალიან მალე ვიხილავთ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესში და შემდგომ არჩევნების ჩატარების კუთხით, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დოლიძის თქმით, მთავარია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს აქტიური როდესაც საარჩევნო საკითხებში დარღვევები გამოვლინდება და ამით საბოლოოდ გამოჩნდება რამდენად აქვს ცესკოს სურვილი იყოს დამოუკიდებელი.

„დღეს მოვისმინეთ როგორც ცესკოს თავმჯდომარის, ასევე ოპოზიციის მიერ დანიშნული თავმჯდომარის მოადგილის პოზიციები, მათი მხრიდან იკვეთება სურვილი, რომ ეს არჩევნები ჩაატარონ საზოგადოების მაღალი ნდობით, მაგრამ ამ შემთხვევაში სურვილთან ერთად მნიშვნელოვანია თუ როგორ იქნება ეს განხორციელებული პრაქტიკაში. ჩვენ ამას ძალიან მალე ვიხილავთ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესში და შემდგომ არჩევნების ჩატარების კუთხით. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია იყოს აქტიური როდესაც საარჩევნო საკითხებში გამოვლინდება დარღვევები და პრობლემები, ამ კუთხით მათ თანამშრომლობა წაადგება პროცესს და საბოლოოდ, გამოჩნდება რამდენად აქვს ცესკოს სურვილი იყოს დამოუკიდებელი“, – აღნიშნა ნინო დოლიძემ.

მან ჟურნალისტებთან საუბრისას წინასაარჩევნო გარემო და მიმდინარე პროცესებიც შეაფასა. დოლიძის ინფორმაციით, საარჩევნო პერიოდთან ძალიან ახლოს ხელისუფლების მიერ დაანონსებული სოციალური, თუ ინფრასტრუქტურული პროექტები შესაძლოა ამომრჩეველთა გულის მოგებას ემსახურებოდეს. ამასთან, თბილისში კახა კალაძე მერობის კანდიდატად არის წარდგენილი, თუმცა როგორც მერი, მერის ამპლუაშიც ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, რაც სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.

,,ჩვენ პირველი ივნისიდან ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს და პარტიების აქტიურობას, ფაქტობრივად მხოლოდ ერთი პარტიაა აქტიური, რომელიც არის მმართველი პარტია. ამ ეტაპზე ასევე გამოიკვეთა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის მეტ-ნაკლები აქტიურობა, რაც ოფისების გახსნაში გამოიხატა. ჩვენ ვხედავთ დაანონსებულ სოციალურ თუ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც საარჩევნო პერიოდთან ძალიან ახლოს ამომრჩეველთა გულის მოგებას შეიძლება ემსახურებოდეს. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ ბიუჯეტში ცვლილებები არ განხორციელდეს საარჩევნო კამპანიის წინა დღეებში იმიტომ, რომ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები ამომრჩეველზე დადებითად აისახება და ამ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები არათანაბარ პირობებში არიან მმართველ გუნდთან. ჩვენ ასევე ვნახეთ, როგორ არის ჩართული საარჩევნო კამპანიაში რამდენიმე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, თბილისში კახა კალაძე მერობის კანდიდატად არის წარდგენილი, თუმცა როგორც მერი, მერის ამპლუაშიც ახორციელებს სხვასდასხვა პროექტებს, რაც უპირატეს მდგომარეობაში აყენებს სხვა ოპოზიციურ კანდიდატებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნინო დოლიძემ.