გამყრელიძე: ფესტივალების გაუქმება ნამდვილად იყო ჩვენს რეკომენდაციებში, კიდევ ბევრი რეკომენდაცია გვქონდა

411

ფესტივალების გაუქმებას რაც შეეხება, ნამდვილად დაგიდასტურებთ, რომ ეს ჩვენს რეკომენდაციებში იყო. კიდევ ბევრი რეკომენდაცია გვქონდა, მაგრამ ამას ღია ეთერში ვერ გეტყვით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭომ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის რეკომენდაციები გასცა.

„საკმაოდ ბევრი რეკომენდაცია გვქონდა არამხოლოდ შეზღუდვებთან, არამედ აცრების გაფართოებასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ჩვენი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული. საბჭომ ამასთან დაკავშირებით სამინისტროს დავალება მისცა, რომ უნდა შემუშავდეს რამდენიმე სცენარის ვერსია, რომელსაც სამშაბათს საკოორდინაციო საბჭო განიხილავს. ამიტომაც, წინასწარ ვერაფერს დავაანონსებ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

მისივე შეფასებით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ დაძაბულია, სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, აბსოლუტურ რაოდენობაში მომატებულია.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში 25 000-26 000-მდე ვაქცინაცია დაფიქსირდება, ეპიდსიტუაციის შეჩერება შესაძლებელია.

„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში საკმაოდ დაძაბულია. რეპროდუქციის ინდექსმა ცოტა გუშინ დაიწია. სიკვდილიანობა, სამწუხაროდ, აბსოლუტურ რაოდენობაში მომატებულია. განსხვავებით ნოემბერ-დეკემბრისგან ჩვენ ახლა კიდევ სხვა იარაღი გვაქვს, რაც ვაქცინაციაა. სრულად აცრილი გახლავთ 4.8 მთელი მოსახლეობის, ხოლო მოზრდილი მოსახლობის 6.2 %-ია.

ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ინტენსიური ხდება აცრის პროცესი. ყოველდღიურად ახალ-ახალი კაბინეტები და სივრცეები ემატება. ერთ-ერთი მთავარი ჩვენი მიმართულება გახლავთ და კარგი იქნება, თუ ავედით დღის განმავლობაში 25 000-26 000 აცრამდე, ეს მიღწევადია. ჩვენ თუ გავაკეთებთ ამას, ამ სამი თვის განმავლობაში ეპიდემიას ნამდვილად შევაჩერებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.