გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, აცრების მსურველთა რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ტერიტორიული თემებში მერის წარმომადგენლებმა განცხადებები გაავრცელეს, წერს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი.
იმ შემთხვევაში, თუ აცრების მსურველთა რაოდენობა 30-დან 50-მდე იქნება, ვაქცინებს ადგილზე ჩაიტანენ: ,,ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის საყურადღებოდ! კოვიდ 19-ის ვაქცინით აცრის მსურველები გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ქვახვრელის ადმინისტრაციას. Tel: 598 85 82 58 ან 551 16 82 83” – ასეთია ქვახვრელში მერის წარმომადგენლის, დიმა მირუაშვილის განცხადება.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან დაუკავშირდნენ და მოსახლეობას აცრები ადგილზე შესთავაზეს:
,,ჩვენს სოფელში თუ ვინმეა აცრის მსურველები და არ შეუძლია ქალაქში წასვლა, შეუძლია მოგვმართოს, ჩვენ ამ მონაცემებს შევაგროვებთ და გავუგზავნით დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლებს. მსურველთა რაოდენობა თუ იქნება მაგალითად 30, 40 ან 50 კაცი, ამ შემთხვევაში, ვაქცინაცია სოფელშივე ჩატარდება” – გვითხრა დიმა მირუაშვილმა.
ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მკვეთრად დამძიმებულია. გორის კოვიდცენტრებში საწოლების რაოდენობა აღარ ყონით. დღეს დილით ერთ-ერთი პაციენტი ბორჯომის კლინიკაში დააწვინეს, რადგან რეგიონის არც ერთ საავადმყოფოში ადგილები აღარ იყო.
8 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 670 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 626 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო კორონავირუსით გარდაიცვალა 38 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 41 885 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 26 469, „პისიარ“ ტესტით – 24 184.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 8,76%, ბოლო 14 დღის – 7,85%, ბოლო შვიდი დღის – 8,67%.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 436 573 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 393 453 გამოჯანმრთელდა, 5 986 კი, გარდაიცვალა.
სულ აცრილია – 564 691 ადამიანი, დღიურად აცრილია 20 845.