ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამას კიდევ 702 საპარკინგე ადგილი შეემატება

393

ჯამში, 702 ახალი საპარკინგე ადგილი შეემატება ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, საბურთალოს რაიონს ახალი ქუჩები დაემატება, სადაც ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

„ჩვენ გარკვეულ ქუჩებში დავიწყეთ ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტის განხორციელება, დიდი წარმატებით მიმდინარეობს. გვაქვს შემდეგი უბნები და ქუჩები, სადაც დაინერგება აღნიშნული პროგრამა. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ძალიან დიდი მოთხოვნაა, რადგან პრობლემა ექმნებათ მანქანების პარკირებაზე, შესაბამისად, ამ მოთხოვნის გამო, შემდეგ ქუჩებზე გაკეთდება ზონალურ-საათობრივი პარკირება: გლდანში მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძის და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 124 საპარკინგე ადგილი. სამგორის რაიონში მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე პარკირებისთვის განკუთვნილია 119 ადგილი.

საბურთალოს რაიონში, იცით, რომ ზონალური პარკირება ამოქმედდა კონკრეტულ ქუჩაზე. მინდა გითხრათ, რომ საბურთალოს რაიონში ახალი ქუჩები ემატება, სადაც ზონალურ-საათობრივი პროგრამა ამოქმედდება. ეს არის დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძის და ლორთქიფანიძის ქუჩები. ჯამში 702 ახალი საპარკინგე ადგილი შეემატება ზონალურ-საათობრივი პარკირების პროგრამას“, – აღნიშნავს კალაძე.