დებატები თვითმმართველობის არჩევნების გენდერულ პოლიტიკაზე

688

სახალხო დამცველის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ცესკოს, პარლამენტის, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის საკითხები განიხილეს.

აღნიშნულ ღონისძიებაზე ცესკოს წევრმა, ზურაბ ხრიკაძემ, რომელიც ამავდროულად ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, პრეზენტაცია წარადგინა და საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკაზე ისაუბრა.

ზურაბ ხრიკაძემ მონაწილეებს დეტალურად გააცნო ის საქმიანობები, რასაც ცესკო ამ მიმართულებით ახორციელებს; მოგვიანებით კი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებთან მიმართებაში არსებული გენდერული სტატისტიკის შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

დებატების ფარგლებში ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორებიცაა საარჩევნო პროცესში ქალთა ჩართულობის ტენდენციები, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სფეროში დაგეგმილი და განხორციელებული საქმიანობები, კვოტირების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივისა და საკომიტეტო განხილვების პროცესი. სახალხო დამცველის საჯარო დებატები ევროკავშირის პროექტის – „ბრძოლა დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ საქართველოში“ მხარდაჭერით იმართება.