კალაძე: ვანდალიზმის ჩამდენი პირები ხშირად მოზარდები არიან, მათ აგრესიულ ქცევას კი უფროსები მშვიდად ადევნებენ თვალყურს, რაც ძალიან მძიმეა

309

წინა სტატია

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქში ვანდალიზმის ფაქტებზე საუბრობს. როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვანდალიზმის ჩამდენი პირები, ხშირად მოზარდები არიან.

„ქალაქში დაფიქსირებულია ვანდალიზმის სამწუხარო ფაქტები, რომელიც ძალიან ცუდია, იმიტომ, რომ ის რასაც ვაკეთებთ, მაგალითად ახალ სკვერებს, პარკებს და სხვადასხვა ინფრასრუქტურულ პროექტებს, ისევ და ისევ ამ ქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, ჩვენი შვილების და მომავალი თაობისთვის კეთდება და ნამდვილად გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთ ფაქტებს ვხვდებით და საკმაოდ მრავლად. როგორც იცით 10 ივლისს, ვარკეთილში მდებარე სკვერში მაჰათმა განდის ძეგლი გაიხსნა, რომელიც სამწუხაროდ, უკვე დაზიანებულია. ძეგლს სათვალე მოპარეს. რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტებიც, რომელთა ჩამოთვლასაც ახლა არ დავიწყებ. რთულია ეს ყველაფერი შეაფასო და კიდევ უფრო რთულია იმ ყველაფრის გააზრება, რომ ხშირად ვანდალიზმს მოზარდები სჩადიან, მათ აგრესიულ ქცევას – ვანდალიზმს კი უფროსები მშვიდად ადევნებენ თვალყურს, რაც ძალიან მძიმეა და მინდა ყველას ვთხოვო, რომ გვერდში დაგვიდგნენ. ამ მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რაც ქალაქში კეთდება, კეთდება ჩვენი შვილებისათვის და მომავალი თაობისთვის, ეს ქალაქი ხომ ყველასია და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ მოვუაროთ და მოვუფრთხილდეთ გაკეთებულს, რათა შემდგომ ჩვენმა შვილებმა და მომავალმა თაობამ გამოიყენოს“, – განაცხადა კალაძემ.