აჭარაში ვაქცინაციის პროცესი გაფართოვდა და Covid-19 საწინააღმდეგო აცრა ყველა მუნიციპალიტეტში იქნება შესაძლებელი

339

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სხდომაზე არსებული ეპიდვითარება განიხილეს.

მათივე ინფორმაციით, აჭარაში Covid-19 ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. გასული 24 საათის განმავლობაში ვაქცინაცია 3000-მდე პირმა ჩაიტარა.

„ფაიზერით“ ვაქცინაციისთვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს კიდევ ორი კაბინეტი დაემატება და ჯამში 12 კაბინეტი იქნება მობილიზებული. ასევე, „სინოფარმით“ ვაქცინაციას ხვალ დილიდან მეოთხე პოლიკლინიკა და მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი დაიწყებს.

ქობულეთისა და ხელვაჩაურის 5 ამბულატორიაში დღეს უკვე დაიწყო „სინოფარმი“/ „სინოვაკით“ ვაქცინაცია. მიმდინარე კვირას მაღალმთიან აჭარაში ვაქცინაციის პროცესი დამატებით 4 ამბულატორიაში განხორციელდება.

დაიწყო პედიატრიული საწოლების მობილიზება. მოზარდებისთვის საწოლები მობილიზდა ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. იგეგმება დამატებით ორი ახალი დაწესებულების კოვიდ მართვაში ჩართვა, როგორც თერაპიული, ასევე რეანიმაციული მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.