“ქართულმა ოცნებამ” და პრემიერმა ღარიბაშვილმა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კახეთის რეგიონში მერობის კანდიდატები ოფიციალურად წარადგინა. როგორც ირკვევა, კახეთში დღეს მოქმედი მერებიდან კანდიდატად მხოლოდ ორი – დედოფლისწყაროს და ლაგოდეხის მერები დარჩნენ. დანარჩენი კანდიდატებიდან ორი მერის მოქმედი მოადგილეა, ერთი – შსს-ს ყოფილი თანამდებობის პირი, ორი კი – ადგილობრივი მეწარმე.
მოდით, ვნახოთ, ვინ რა გზა გამოიარა მანამდე, სანამ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი გახდებოდა.
თელავი – ლევან ანდრიაშვილი, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი
ანდრიაშვილი წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა: იყო შსს სსიპ “მომსახურების სააგენტოს” ადმინისტრაციის უფროსი, აგრეთვე, ამავე უწყებაში ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს უფროსი და ტერიტორიული სერვისების ბიუროს რეგიონალური მართვის სამმართველოს უფროსი. ანდრიაშვილი, ასევე, მუშაობდა შსს პროექტების განვითარების სამმართველოში პროექტის მენეჯერად, 2020 წლიდან კი ის შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის ცენტრალური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყო.
თელავის მერობის კანდიდატი მმართველი პარტიიდან ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, თეა მაისურაძის მეუღლეა. ცოლ-ქმარი ცოტა ხნის წინ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენასაც ესწრებოდა. პირველად სწორედ მაშინ გავრცელდა ინფორმაცია ანდრიაშვილის თელავის მერობის კანდიდატად სავარაუდო წარდგენის შესახებ.
ახმეტა – ალექსი ფიცხელაური, მეღვინე, ახმეტის საკრებულოს ყოფილი წევრი ბურჯანაძის პარტიიდან
ალექსი ფიცხელაური, რომელიც ახმეტაში წარმატებული მეღვინე და საოჯახო მარნის – “ლექსოს მარანი” – მფლობელია, “ქართულ ოცნებაში” გაწევრიანებამდე ნინო ბურჯანაძის პარტიის წევრი და 2014-2017 წლებში საკრებულოს წევრი იყო ამავე პარტიიდან. მანამდე ფიცხელაური კულტურის ცენტრის დირექტორის მოადგილე იყო, საკრებულოს წევრობის პარალელურად კი ამავე ა(ა)იპ-ის წამყვან სპეციალისტად მუშაობდა.
2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ფიცხელაური ახმეტაში საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ნომერი იყო კვლავ ბურჯანაძის “დემოკრატიული მოძრაობიდან”, რომელსაც საარჩევნო ბლოკი კახა კუკავას “თავისუფალ საქართველოსთან” ჰქონდა შექმნილი, თუმცა, ამჯერად ის საკრებულოში ვეღარ მოხვდა.
როგორც თავად ამბობს, 2017 წლიდან ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერი გახდა და დღეს უკვე ალექსი ფიცხელაური მმართველი პარტიის მერობის კანდიდატია ახმეტის მუნიციპალიტეტში.
საგარეჯო – ავთანდილ გულიკაშვილი, ყველა დროის მმართველი პარტიის შემომწირველი
ავთანდილ გულიკაშვილი, რომელიც, როგორც ირკვევა, აქამდე მხოლოდ მეფრინველეობის საკითხებით იყო დაკავებული, ახლა მმართველი პარტიის მერობის კანდიდატია. თუმცა, როგორც სჩანს, ის პოლიტიკური საკითხების მიმართ გულგრილი არასდროს ყოფილა. სხვაგვარად უბრალოდ ვერ აიხსნება ის, რომ გულიკაშვილი ერთნაირი მონდომებით აფინანსებს ყველა დროის მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიებს. აი, მაგალითად: 2012 წელს, სწორედ იმ გადამწყვეტი არჩევნების წინ, როცა ხელისუფლება შეიცვალა, გულიკაშვილმა 18 ათასი ლარით, არც მეტი, არც ნაკლები, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დააფინანსა. უკვე შემდეგ, 2017 წელს, ანუ წინა თვითმმართველობის არჩევნებზე, გულიკაშვილმა საკმაოდ დიდი თანხა – 50 ათასი ლარი უკვე “ქართულ ოცნებას” შესწირა, მომდევნო, 2018 წელს კი, სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიას 60 ათასი ლარით შეეწია.
როგორც ჩანს, გულიკაშვილმა იფიქრა, თუ მმართველი პარტიების სასარგებლოდ მაინც ამხელა თანხა თითქმის ყველა არჩევნებზე უნდა გავიღო, ბარემ პოლიტიკაშიც მოვალ, თუნდაც ადგილობრივ დონეზეო და “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი გახდა.
გულიკაშვილი ბიზნესსაქმიანობით მრავალი წელია დაკავებული. შპს “საგარეჯო 2009”-ს ის ჯერ კიდევ 2 კვირის წინ თავად ფლობდა და კომპანიის დირექტორიც თვითონვე იყო, თუმცა, საჯარო რეესტრის 28 ივლისის ამონაწერით, ამ კომპანიის 100%-იანი წილი უკვე ზაზა გულიკაშვილზეა გადაფორმებული. შეცვლილია კომპანიის დირექტორიც.
ავთანდილ გულიკაშვილი ამ დრომდე დირექტორად რჩება შპს “სათავე პლუს”-ში, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი აქაც ზაზა გულიკაშვილია. სხვათა შორის, ზაზა გულიკაშვილი 2012 წელს ასევე იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შემომწირველი. ის მაშინდელ მმართველ პარტიას 3 ათასი ლარით შეეწია.
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 17 მარტამდე საგარეჯოს მერობის კანდიდატი 15%-ს ფლობდა შპს “ჯიი XXI”-ში, თუმცა, დღეისათვის გულიკაშვილი მეწილეთა შორის აღარ ფიქსირდება. ამ კომპანიის დირექტორს, მინურ ტუნაძეს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე “ქართული ოცნებისთვის” 5 ათასი ლარი შეუწირია. ამ პერიოდში გულიკაშვილი კომპანიის ერთ-ერთი მეწილე იყო.
სიღნაღი – მალხაზ ბეგიაშვილი, ყველა დროის ხელისუფლების მაღალჩინოსანი
მალხაზ ბეგიაშვილს, რომელიც ამჟამად სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეა, მდიდარი პარტიულ-პოლიტიკური გამოცდილება აქვს. უნდა ითქვას, რომ ბეგიაშვილი საქართველოში ბოლო 29 წლის განმავლობაში არსებული ხელისუფლებებისას – მოქალაქეთა კავშირის, ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დროს – მუდმივად პოლიტიკურ თანამდებობას იკავებდა. მართალია, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მისი ბიოგრაფიიდან სხვადასხვა დროის პარტიული კუთვნილება, მათ შორის, იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება, რომლითაც ერთ დროს ის დეპუტატიც გახდა, მითითებული არ არის, მაგრამ თავად საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბიოგრაფიულ ცნობებში ბეგიაშვილის პარტიული საქმიანობის დეტალები ამ დრომდე შემორჩენილია.
ბეგიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ერთხელ, 1999-2001 წლებში, მოქალაქეთა კავშირის მმართველობისას, უკვე იყო. მანამდე, 1998-1999 წლებში, ის საქართველოს პრეზიდენტის (ედუარდ შევარდნაძის) რწმუნებულის მოადგილე იყო კახეთში. უფრო ადრე კი, 1994-1996 წლებში, საქართველოს მოქალაქეთა კავშირის რეგიონულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. პარალელურად, 1995 წელს, ბეგიაშვილი პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას თანაშემწედ დაინიშნა რეგიონულ საკითხებში. ამ პოსტზე ის 1998 წლამდე მუშაობდა.
ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2003-2004 წლებში, ბეგიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის (მიხეილ სააკაშვილის) რეგიონული მართვისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსის თანამდებობას იკავებდა. 2004 წელს კი, საარჩევნო ბლოკის – “ნაციონალური მოძრაობა – დემოკრატების” პარტიული სიით, საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა, თუმცა, მალევე მან დეპუტატობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნა არჩია და ფინანსთა მინისტრის მოადგილედ გადავიდა. ამ თანამდებობას ბეგიაშვილი 2004-2007 წლებში იკავებდა, შემდეგ კი, 1 წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მრჩეველი გახლდათ.
ბეგიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილედ 2019 წლის აგვისტოში დაინიშნა და ამ დრომდე ამ თანამდებობას იკავებს.
გურჯაანი – ზურაბ უტიაშვილი
ზურაბ უტიაშვილი, რომელიც ამჟამად წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს დირექტორის პოზიციაზე მუშაობს, წლების განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო. ის, 2010 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის უცვლელი უფროსი იყო.
დედოფლისწყარო – ნიკოლოზ ჯანიაშვილი, მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი
დედოფლისწყაროს მოქმედი მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, ფაქტობრივად, რეკორდსმენია – მმართველმა პარტიამ ამ თანამდებობაზე ის უკვე მესამედ წარადგინა. ჯანიაშვილი 2014 წლიდან ჯერ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი, შემდეგ, 2017 წლიდან კი, ამავე მუნიციპალიტეტის მერია.
გამგებლობამდე, 2011-2012 წლებში, ჯანიაშვილი “პროკრედიტბანკის” წნორის ფილიალის აგრობიზნესის კოორდინატორი იყო, 2009-2011 წლებში – ამავე ბანკის რუსთავისა და თბილისის ფილიალების საკრედიტო მენეჯერი, 2008-2009 წლებში – ბანკის ფოთის ფილიალის უფროსი საკრედიტო ექსპერტი, 2005-2008 წლებში კი ამავე ბანკის ქუთაისის, თბილისისა და თელავის ფილიალების საკრედიტო ექსპერტად მუშაობდა.
ნიკოლოზ ჯანიაშვილი, უკვე მესამედ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერობისთვის იბრძოლებს.
ლაგოდეხი – ჯონდო მდივნიშვილი, მუნიციპალიტეტის მოქმედი მერი
ჯონდო მდივნიშვილი მერობის კანდიდატად უკვე მეორედ წარადგინეს. ის პირველად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე აირჩიეს და ამ დრომდე მუნიციპალიტეტის მერია. მდივნიშვილი მერად “ლიბერთი ბანკიდან” გადავიდა, სწორედ ამ ბანკის კახეთის რეგიონული ფილიალის მმართველი იყო 2013-2017 წლებში.
მანამდე, 2012-2013 წლებში, მდივნიშვილი „ლიბერთი ექსპრესი – მოძრავი ბანკის“ მხარდაჭერის სამსახურის უფროსი, 2011-2012 წლებში – „ლიბერთი ექსპრესი – მოძრავი ბანკის“ კოორდინატორი, ხოლო 2008-2011 წლებში ამავე ბანკის ლაგოდეხის ფილიალის მმართველი იყო.
ყვარელი – გივი ზაუტაშვილი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე
გივი ზაუტაშვილი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეა. მანამდე, 2014 წელს, ის ამავე მუნიციპალიტეტის გამგეობის ქონების მართვის, ეკონომიკური განვითარების საკითხთა დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი იყო; 2011-2012 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ყვარლის ცენტრის კოორდინატორად მუშაობდა. უფრო ადრე, 2007-2011 წლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის მთავარ სპეციალისტად მუშაობდა იურიდიულ საკითხებში, ხოლო 2006-2007 წლებში გამგეობის იურიდიულ სამსახურს ხელმძღვანელობდა.