არასამთავრობოები: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს

321

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია აღნიშნული.

ხელმომწერი ორგანიზაციები ეხმიანებიან მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, „ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი, ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე და აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე.

„ქართული ოცნების” გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც „ქართული ოცნება” მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI)“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ (TI Georgia), „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „სამოქალაქო მოძრაობა- სირცხვილია“ (Shame movement), “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი” (GMC), „საზოგადოება და ბანკები“, „საფარი“, „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC), „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS), „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI), „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI), „კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“, „მედიის განვითარების ფონდი“ (MDF), „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (SJC), „ევროპის ფონდი“ (EPF), „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი“ (EPRC), „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI), „უფლებები საქართველო“ (RG).

ცნობისთვის, 28 ივლისს “ქართული ოცნების” ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა. ამით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე – არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა “მათ კეთილ ნებაზე” იქნება დამოკიდებული.