გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის შიდა ქართლის სამმართველოს ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ბაჩანა გვიანიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ პოზიციაზე 4 თვის წინ 6-თვიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნეს, თუმცა როგორც თავად განმარტავს, ზემდგომმა უწყებამ მასთან ურთიერთობა 2 თვით ადრე შეწყვიტა. გვიანიშვილი ამბობს, რომ გამოსაცდელი ვადის დროზე ადრე შეწყვეტის მიზეზები მისთვის არავის განუმარტავს.
“გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას აღარ ვხელმძღვანელობ. თანამდებობა ჩემი ნებით არ დამიტოვებია. ვადაზე ადრე შემიწყვიტეს 6-თვიანი გამოსაცდელი პერიოდი. მოგეხსენებათ, 4 თვის წინ დავიკავე ეს პოზიცია. საქმიანობას კერძო სექტორში ვაგრძელებ. ამ ეტაპზე პარტიულ აქტივობებში ჩართვას არ ვაპირებ”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” ბაჩანა გვიანიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ბაჩანა გვიანიშვილი გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ კეთიმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. 2021 წლის მარტიდან კი წყალმომარაგების კომპანიაში გადაიყვანეს.
ის არ მალავს, რომ გორი-კასპის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი ხოჯევანიშვილის კურსელია და არც იმას გამორიცხავს, რომ მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება შესაბამისმა პირებმა, სწორედ მმართველი გუნდიდან წასულ დეპუტატთან კავშირის გამო მიიღეს.