პირველი აგვისტოდან გლდანის, სამგორისა და საბურთალოს რაიონებში, ასევე, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.
როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, გლდანში, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გობრონიძისა და ნოზაძის ქუჩებზე გამოყოფილია 132 საპარკინგე ადგილი. სამგორის რაიონში, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ხომლელის ქუჩებზე კი პარკირებისთვის 117 ადგილია განკუთვნილი.
საბურთალოს რაიონში ზონალური პარკირების 748 ადგილია მოწყობილი. კერძოდ, დოლიძის, ტეხურას, ასლანიდის, ბერბუკის, ალექსიძის, ბახტრიონის, ცინცაძისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე.
რაც შეეხება სადგურის მოედანს, პარკირებისთვის გამოყოფილია 286 ადგილი. კერძოდ, ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აბასთუმნის, თევდორე მღვდლისა და ცაბაძის ქუჩებზე.
საინფორმაციო ჯიხურები განთავსებულია შემდეგ მისამართებზე:
ვიქტორ დოლიძის ქუჩა N24;
მერაბ ალექსიძის ქუჩა N1;
ბახტრიონის ქუჩა N13;
ბახტრიონის ქუჩა N30;
სულხან ცინცაძის ქუჩა N61;
ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩა N10;
აბასთუმნის ქუჩა N1ა-ს მოპირდაპირედ;
სადგურის მოედანი (ნიკოლოზ გოგოლის ქუჩა N32);
ალეკო გობრონიძის ქუჩა N2ა;
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარედ;
როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, ადგილობრივ მაცხოვრებლებს უფასო პარკირებისთვის რეგისტრაციის გავლა ზონალური პარკირების არეალებში განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურებში პირველი ივლისიდან შეუძლიათ.
აღნიშნულ არეალებში ზონალურ-საათობრივი პარკირებისთვის, ჯამში, გამოყოფილია 1 283 ადგილი, მათ შორის, 27 ადგილი შშმ პირთათვის და ერთ ადგილი ელექტრომობილების დამუხტვისთვის.