პარტიებს, რომლებმაც საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1 აგვისტოდან აღუდგებათ

419

პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული საბიუჯეტო დაფინანსება დაკარგეს, დაფინანსების მიღების უფლება 2021 წლის 1 აგვისტოდან აღუდგებათ.

ამასთან, ასეთ პარტიებს ყველა ის თანხა მიეცემათ, რომელსაც ისინი ბიუჯეტიდან მიიღებდნენ, დაფინანსების მიღების უფლება რომ არ დაეკარგათ. ეს პარტიებია “გირჩი“ და “ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“.

ამ მიმართულებით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში ცვლილებები 83 ხმით, მესამე მოსმენით მიიღეს.

როგორც ცნობილია, პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო კანონი, რომლის თანახმად, პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც პარლამენტის 2020 წლის არჩევნების საფუძველზე მოპოვებული სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღების უფლება დაკარგა, ეს უფლება 2022 წლის 1 თებერვლიდან აღუდგებოდა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ვადა შეიცვალა და მისი 2021 წლის 1 აგვისტოდან განსაზღვრა მოხდა.

“გირჩის“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 777 990 ლარს შეადგენს, ხოლო “ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეების“ მიერ მოპოვებული ყოველწლიური საბიუჯეტო დაფინანსება 497 406 ლარია.