ქალაქ გორში მერიამ ეპარქიას 1 ჰა მიწის ფართობი 99 წლით გადასცა

415

გორის ეპარქიამ ქალაქის ერთ-ერთ უბანში, ჭალის დასახლებაში უსასყიდლოდ, აღნაგობის უფლებით, დაახლოებით, 10 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მიიღო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

ამის შესახებ საჯარო რეესტრში რეგისტრაციის პროცესი 2021 წლის 15 ივლისს დასრულდა. მიწის რეგისტრაციის მოთხოვნით, საჯარო რეესტრის ეპარქიის წარმომადგენელმა ციური მსხილაძემ 2021 წლის 9 ივლისს მიმართა.

მანამდე გორის საკრებულომ მერიას მისცა თანხმობა იმის შესახებ, რომ ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, აღნაგობის უფლებით, თითქმის 1 ჰა მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ აღნაგობის უფლებით გადაეცა. საჯარო რეესტრის დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამ მიწის ნაკვეთით ეპარქია 99 წლით ისარგებლებს.

ივლისის თვეში გორის ეპარქია კიდევ ერთ მიწის ნაკვეთს ითხოვს. ეს მცირე ფართობი გოგებაშვილის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. ეს საკითხიც ბოლო სხდომაზე დადებითად გადაწყდა.