TI: თევზის გადამამუშავებელი საწარმოები ფოთში – პოლიტიკური კავშირები და ეკოლოგიური პრობლემები

614

თევზის გადამამუშავებელი საწარმოები ფოთში – პოლიტიკური კავშირები და ეკოლოგიური პრობლემები, – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლევას ავრცელებს, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

ფოთის მოსახლეობას თევზის გადამუშავებით გამოწვეული არასასიამოვნო სუნი წლებია, აწუხებს. თევზის სუნი ქაფშიის გადამუშავების სეზონზე, ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. მოსახლეობა პერიოდულად მართავს საპროტესტო აქციებს, თუმცა პრობლემა ამ დრომდე ბოლომდე არ გადაჭრილა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ამ საკითხზე 2018 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომლითაც დადგინდა კავშირი თევზის გადამამუშავებელ საწარმოებსა და პარტია “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ პირებს შორის.

ახალი გარემოებები:

  • მიუხედავად იმისა, რომ “გარემოდაცვითი ზედამხედველების დეპარტამენტმა” თევზის გადამამუშავებელ საწარმოებში არაერთი დარღვევა აღმოაჩინა, პრობლემები დღემდე არ გამოსწორებულა;
  • თევზის გადამამუშავებელი საწარმოები იღებენ დახმარებას სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამებიდან;
  • გაფართოვდა იმ პირთა წრე, რომლებიც, ერთის მხრივ, ფლობენ წილებს თევზის გადამამუშავებელ საწარმოებში, მეორეს მხრივ კი, ფინანსებს სწირავენ  მმართველ პარტიას;
  • გამოიკვეთა დამატებითი კავშირები თევზის გადამამუშავებელ საწარმოებსა და  ყოფილ და მოქმედ მაღალი თანამდებობის, ასევე “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ პირებს შორის, რაც, სავარაუდოდ, აფერხებს არსებული პრობლემების გადაჭრას.

თევჭერის ლიცენზიის მქონე კომპანიები

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ შავი ზღვის აკვატორიაში თევზჭერის 9 ლიცენზია გასცა, რომელიც გადანაწილებულია 5 კომპანიაზე. ეს კომპანი  ები ერთმანეთთანაც არიან დაკავშირებული.

კომპანიებზე თევზჭერის ლიცენზიები გაიცა 2006 წელს აუქციონის წესით. ლიცენზიების ვადის გასვლის შემდეგ კი, 2019 წელს ლიცენზიები გაგრძელდა, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდა თევზჭერის სფეროში ახალი მოთამაშეების გამოჩენის შესაძლებლობა და არსებული კომპანიები ფაქტობრივად მონოპოლიურ მდგომარეობაში ჩააყენა.

აღსანიშნავია, რომ თევზჭერის ლიცენზიის მქონე საწარმოები ფლობენ საერთო კომპანიასაც – შპს „ეი ჯი ეს ჯგუფი“, რომლის დირექტორია შპს „აისბერგი 2“-ის 25% წილის მფლობელი კახაბერ ლატარია. კომპანიის წილები შემდეგნაირად არის გადანაწილებული:

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თევზჭერის ლიცენზიის მქონე ხუთივე კომპანია მიეკუთვნება საშუალო ზომის საწარმოს. საქსტატის მონაცემებით კი საშუალო ზომის საწარმოდ ითვლება კომპანია, რომელშიც დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 50‐დან 250 კაცამდე, ხოლო საშუალო წლიური ბრუნვის მოცულობა – 12 მილიონი ლარიდან 60 მილიონ ლარამდე მერყეობს.

სახელმწიფო პროგრამებიდან მიღებული დახმარება

სახელმწიფო თევზის მოპოვებისა და გადამუშავების სფეროში მოქმედ კომპანიებს ეხმარება ორი მეთოდით – ერთის მხრივ აძლევს თანხას პროგრამიდან “აწარმოე საქართველოში”, მეორეს მხრივ, “საკრედიტო-საგარანტიო სქემის” ფარგლებში გასცემს საკრედიტო გარანტიას იმ კომპანიებისთვის, რომელთაც ბანკიდან სესხის აღების რესურსი არ აქვთ და კონკრეტული ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე რიცხავს თანხას ბენეფიციარის სესხების უზრუნველსაყოფად.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში სახელმწიფო დაეხმარა ორ კომპანიას – შპს “ჯორჯიან მარინ გრუპის” სესხის უზრუნველსაყოფად ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე გადაირიცხა 472,500 ლარი,  შპს “პალიასტომი 2004-ის” სესხის უზრუნველსაყოფად კი – 945,000 ლარი. აღნიშნული თანხა სახელმწიფოს ეტაპობრივად უნდა დაუბრუნდეს კომპანიის მიერ საბანკო ვალდებულებების დაფარვის პარალელურად.

ამ კომპანიებმა პროგრამიდან “აწარმოე საქართველოში” თანადაფინანსების სახით 7,814,262 ლარი უნდა მიიღონ, საიდანაც ამ ეტაპზე კომპანიებს 14,685 ლარის ოდენობის დაფინანსება მიეცათ.

მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების, პარტიების შემწირველების და “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირების კავშირები თევზის მომპოვებელ და გადამამუშავებელ კომპანიებთან

შპს “ჯორჯიან მარინ გრუპი”

შპს “ჯორჯიან მარინ გრუპი” 2020 წლის 3 დეკემბერს დაფუძნებული კომპნიაა, მისი დირექტორი დავით წიწილაშვილია, კომპანიის 100% წილს კი შპს “პალიასტომი 2004” ფლობს.

დავით წიწილაშვილმა პარტია “ქართული ოცნებას” 2016 და 2020 წელს ჯამში 120,000 ლარი შესწირა. წარსულში პოლიტიკურ შემწირველებს შორის ფიქსირდებოდა დავით წიწილაშვილის მამა, აწ გარდაცვლილი  გურამ წიწილაშვილიც, რომელმაც 2012 წელს “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 50,000 ლარი, 2016 წელს კი “ქართულ ოცნებას” 60,000 ლარი შესწირა. გურამ წიწილაშვილი იყო ფოთის მოქმედი მერის, გოჩა კურდღელიას ბიზნესპარტნიორი, ასევე საქართველოს პარლამენტის მოქმედ წევრთან, ირაკლი ხახუბიასთან ერთად ფლობდა წილს თევზის მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიაში, შპს “აისბერგი 2”-ში.

შპს “პალიასტომი 2004”

პალიასტომი 2004-ის” დირექტორი შსს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე პაატა ჟღენტია, კომპანიის წილები კი შემდეგნაირადაა გადანაწილებული: სულხან პაპაშვილი – 6.67%; გიორგი კუხალეიშვილი – 60%; შპს “ზღვის პროდუქტები” – 33.33%. სულხან პაპაშვილი წარსულში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი იყო, იგი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ძმაა და თავადაც ბიზნესსაქმიანობას ეწევა.

შპს “პალიასტომი 2004”-ის ძირითადი, 60% წილის მფლობელი გიორგი კუხალეიშვილი პაატა ჟღენტისა და სულხან პაპაშვილის ბიზნესპარტნიორია სხვა არაერთ კომპანიაშიც, მათ შორის არის “Elgreen Holdings Incorporated”, რომელიც ჯერ კვიპროსში, ხოლო შემდეგ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული კომპანიაა. “თავისუფლების მონიტორის“ მიერ 2020 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული კვლევის  თანახმად, 2016 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ელექტროენერგიის იმპორტი სწორედ “Elgreen Holdings Incorporated”-ის, როგორც შუალედური კომპანიის, მეშვეობით ხდება, მანამდე კი აზერბაიჯანიდან ელექტროენერგია საქართველოს შუამავალი კომპანიის გარეშე მიეწოდებოდა. კომპანია “Elgreen Holdings Incorporated’-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი სულხან პაპაშვილთან ერთად არის  საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი. “თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიება ვარაუდობს,  რომ Elgreen Holdings Incorporated-ში ბიზნესინტერესები აქვს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილს, უჩა მამაცაშვილსაც.

შპს „ზღვის პროდუქტები“

შპს “ზღვის პროდუქტების” 100% წილის მფლობელი და დირექტორია “ჯორჯიან მარინ გრუპის” დირექტორი დავით წიწილაშვილი.

რამდენიმე კომპანიაში ფლობს წილს შპს „ზღვის პროდუქტებიც“ მათ შორისაა შპს „შავი ზღვის აკვაკულტურის კომპანია“, რომლის 10% წილის მფლობელია შპს “ზღვის პროდუქტები“, 90% წილს კი სულხან პაპაშვილი ფლობენ. კომპანიის დირექტორი კაპიტონ ბაბილუაა. ბაბილუა ასევე შპს „მარინ ფიშინგ გრუპის“ დირექტორიცაა, რომლის 50% წილს პაატა ჟღენტი, ასევე 50% წილს გიორგი ლემონჯავა ფლობენ.

აღსანიშნავია, რომ შპს “ზღვის პროდუქტებმა” 2017 წელს 100,000 ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”

შპს “აისბერგი 2”

შპს “აისბერგი 2”-ის 25% წილის მფლობელია საქართველოს პარლამენტის წევრი (ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი) ირაკლი ხახუბია. კომპანიის წილებს ასევე ფლობენ: კახაბერ ლატარია – 25%, თენგიზ სარიშვილი – 25% და თურქეთში რეგისტრირებული კომპანია “ქოფთურ ბალიქჩილიქ გიდა სანაი ნაქლიათ ვე თიჯარეთ ლიმითედ შირქეთი” – 25%. კომპანიის დირექტორია ირაკლი ვეკუა, რომელიც ამავე დროს ირაკლი ხახუბიას წილის მმართველია.

აღსანიშნავია, რომ როგორც ირაკლი ხახუბიას, ასევე შპს “აისბერგი 2” წილის სხვა მფლობელებს და დირექტორს სხვადასხვა დროს პარტიებისათვის 438,100 ლარი აქვთ შეწირული: “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” შესწირეს 131,100 ლარი, “ქართულ ოცნებას” – 187,000 ლარი, პრეზიდენტობის კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს კი – 120,000 ლარი.

შპს “გეოფიშ კომპანი”

შპს “გეოფიშ კომპანის” 64% წილს შპს “აისბერგი 2” ფლობს, მისი დირექტორი კი აქაც ირაკლი ვეკუაა. კომპანიის 10% წილს ალექსანდრე თავაძე, 26% წილს შპს “გუგოლპლექსი” ფლობენ.

შპს “გუგოლპლექსი” 2020 წლის სექტემბერში რეგისტრირებული კომპანიაა. მისი 100% წილის მფლობელი საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე მარია კოხიაა, დირექტორი კი არის თამარ გახარია.

თამარ გახარია ამავე დროს შპს “ბესტ ენერჯი გრუპის” დირექტორიცაა1, რომლის 100% წილს ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია ფლობს. სწორედ “ბესტ ენერჯი გრუპმა” 2019 წლის სექტემბერში გამართულ აუქციონზე 32,380,383 ლარად შეიძინა სააქციო საზოგადოება “თელასის” სააქციო კაპიტალის 24.5% წილი.

ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესპარტნიორია “ჯორჯიან მარინ გრუპისა” და “შავი ზღვის პრუდქტების” დირექტორი დავით წიწილაშვილი – ისინი ფლობენ შპს “აქვამარინის” 50%-50%  წილებს. მაქაცარიას ბიზნერპარტნიორია შპს “გეოფიშ კომპანის” 10% წილის მფლობელი ალექსანდრე თავაძეც შპს “გეოფიშ გრუპსა” და “შატო ახაშენში”.

აღსანიშნავია, რომ დავით წიწილაშვილი ასევე არის “გუგოლპლექსის” 100% წილის მფლობელი მარია კოხიას ბიზნესპარტნიორი  შპს “თბილისი პარკინგში”, რომლის  20% წილს ფლობს მარია კოხია, 50% წილს კი – დავით წიწილაშვილი.

შპს „მბმ“

შპს „მბმ“-ს 36% წილს თურქეთში რეგისტრირებული კომპანია „მეის სუ ურუნლერი ავჯილიღი ვე იეთიშთირიჯილიღი“ ფლობს, კომპანიის 64% წილის კი თანაბრადაა გადანაწილებული ბესიკ და მერაბ ხარაბაძეებს შორის. მერაბ ხარაბაძე ფიქსირდება პოლიტიკურ შემომწირველებს შორისაც, მან 2018 წელს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილი 15,000 ლარი შესწირა.

პოლიტიკური შემოწირულებები

ზემოაღნიშნული კომპანიების წილების მფლობელებს, დირექტორებსა და ამ კომპანიებთან დაკავშირებულ პირებს სხვადასხვა დროს ჯამში 783,100 ლარი შეუწირავთ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისთვის.

თევზის წარმოების პროცესში გამოვლენილი დარღვევები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ფოთსა და ხობში მდებარე თევზისა და ზღვის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების საქმიანობა 2017 წლიდან დღემდე რამდენჯერმე გადაამოწმა, ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევები:

  • წარმოების პროცესში დაბინძურებული წყალი გაწმენდის გარეშე იღვრება მდინარე რიონში (ზედაპურული წყლის ობიექტი);
  • საწარმოები ფუნქციონირებენ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის გარეშე
  • გარემო ბინძურდება სახიფათო და მუნიციპალური ნარჩენებით;
  • მცურავი საშუალებებიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებაში თევზის გადმოტვირთვისას გარემო ზღვის ნარჩენებით ბინძურდება;
  • ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყალი დასაშვებ ნორმაზე მაღალი ტემპერატურით იღვრება;
  • ყველა საწარმოში ჩამდინარე წყალში წყალბადის მაჩვენებელი (Ph) აჭარბებს დადგენილ ნორმას (6.5-8.5)

ფოთის მერიის ინფორმაციით აღნიშნულ საწარმოებში დამონტაჟდა გამწმენდი ნაგებობა –  ევაპორატორი, რომელიც წმენდს ჩამდინარე წყლებს, ასევე ახდენს თევზის სუნის კონტროლს. ეს დანადგარი აგრილებს ჩამდინარე წყლებს და წყალბადის (PH) მაჩვენებელი (6,5-8,5) საქართველოს კანომდებლობით დადგენილ ნორმამდე დაყავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით კი, აღნიშნული ნაგებობები არაეფექტურია და ვერ უზრუნვეყოფენ ჩამდინარე დაბინძურებული წყლების გაწმენდას, ასევე თევზის გადამამუშავებელ საწარმოებს დღემდე არ შეუსრულებიათ განსაზღვრული ვალდებულებები და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები.

საწარმოთა მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის ჯამური ღირებულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეოების სამინისტრომ 125,742 ლარად შეაფასა. რეგულაციათა დარღვევისათვის საწარმოებს ჯამში 6,550 ლარის ოდენობის ჯარიმა და გარემოსთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაეკისრათ.

2019-2020 წლებში თევზჭერის ლიცენზიის მქონდე კომპანიები დაჯარიმდნენ თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და მოთხოვნების დარღვევისთვისაც. დაკისრებული ჯარიმების ჯამურმა ოდენობამ 15,000 ლარი შეადგინა:

  • 2019 წელს სამჯერ, ჯამში 6,000 ლარით დაჯარიმდა შპს “ზღვის პროდუქტები”
  • 2020 წელს ორჯერ, ჯამში 7,000 ლარით დაჯარიმდა შპს “მბმ”, შენიშვნა მიეცა შპს “გეოფიშ კომპანის” ერთხელ და შპს “აისბერგი 2”-ს ორჯერ
  • 2021 წელს შპს “გეოფიშ კომპანი” დაჯარიმდა ერთხელ 2,000 ლარით. შპს “პალიასტომო 2004”-ის, შპს “ზღვის პროდუქტების”, შპს “აისბერგი 2”-სა და შპს “მბმ”-ს მიერ ჩადენილი დარღვევის 12 ფაქტზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, სახელწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები , შესაძლოა, მივიჩნიოთ არაეფექტურად, რადგანაც იგი გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიებს პერიოდულად ეკისრებათ ფინანსური სანქციები, გარემოსდაცვითი პრობლემები დღემდე მოუგვარებელია.

შესაბამისად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უნდა ჩაატაროს საწარმოთა დეტალური ინსპექტირება და დაადგინოს, თუ რა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებაა საჭირო გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და არასასიამოვნო სუნის გაფრქვევის მინიმუმამდე შესამცირებლად. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გაატაროს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, რათა საწარმოებმა შეასრულონ მათთვის დაკისრებული ვალდებულებები და იზრუნონ გარემოდაცვითი რეგულაციების დაცვაზე.

მეორეს მხრივ, იკვეთება ერთგვარი ინტერესთა კონფლიქტი მოქმედ თუ ყოფილ თანამდებობის პირებს, პარტიების შემწირველებსა და არსებულ პრობლემებს შორის: კომპანიათა მფლობელების პოლიტიკური კავშირები, შესაძლოა, პრობლემის გადაჭრის შემაფერხებელი ფაქტორი იყოს.