მანგლისის გაზიფიცირება მართლაც ისტორიული მოვლენაა – აქ არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი და ჩვენი მთავრობის გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ზუსტად ერთი წლის წინ, მიუხედავად პანდემიისა, დავიწყეთ ამ დასახლების გაზიფიცირება. საკმაოდ რთული პროექტი იყო, ძვირადღირებული, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და დაახლოებით 1 600-მდე ოჯახმა მიიღო ბუნებრივი აირი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დაბა მანგლისში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ახლადაშენებული გაზსადენი დაათვალიერა.
ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების სამინისტროს ცნობით, მინისტრთან ერთად გაზიფიცირების შედეგებს გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში შოთა რეხვიაშვილი, „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მაირ მამმედოვი, კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორი აზერ მამმადოვი, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
უწყების ცნობით, დაბა მანგლისი აქამდე არასდროს ყოფილა გაზიფიცირებული. პროექტი საქართველოს მთავრობის გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდა. საკურორტო დასახლების ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში ჩართვის მასშტაბური სამუშაოები, საქართველოს მთავრობის 2019 – 2021 წლების გაზიფიცირების სამოქმედო გეგმის საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით კომპანია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა. შედეგად, აშენდა 34,150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისთვის საჭირო 48,180 გრძივი მეტრი გაზსადენი. მასშტაბური სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა მანგლისში მცხოვრებ 1,558 აბონენტს საშუალება მიეცა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის ღირებულებამ 11 მილიონ 163 418 ლარი შეადგინა.
„ეს არის საწინდარი, რომ მანგლისში, რომელიც ოდითგანვე იყო ცნობილი, როგორც ძალიან კარგი სააგარაკე, ასევე ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან შესაფერისი და მიმზიდველი ადგილი, განვითარდეს ტურისტული ობიექტები და ახალი სასტუმროები აშენდეს. რა თქმა უნდა, ახლა გაცილებით უფრო მარტივი იქნება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, რადგან უფრო მეტი საინვესტიციო მიზიდულობა შევძინეთ ამ დასახლებას და აქედან გამომდინარე, ვულოცავ ყველა მანგლისელს ამ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის დასრულებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
დღესვე ნათია თურნავა ლალი კუბათაშვილის სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა, სადაც გაზიფიცირების პროექტის დასრულება სიმბოლურად გაზქურის ანთებით აღნიშნა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, კუბათაშვილების ოჯახს, გაზქურა საჩუქრად გადასცა.
მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 29 სოფელი, რაც 7,870 აბონენტს მოიცავს.