ქარსელაძე: „ბიზნეს სახლის“ პროექტისთვის გამოყოფილი თანხები რეგიონების განვითარებას მოხმარდება

348

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქსურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, „ბიზნეს სახლის“ პროექტისთვის გამოყოფილი თანხები რეგიონების განვითარებას მოხმარდება. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, მთავრობას აღნიშნული პროექტისთვის გამოყოფილი თანხების ხარჯვისთვის სამართლებრივი ნორმები დაცული აქვს.

„რეალურად, ტყუილად არ დევს ეს თანხა. ეს არის სწორედ ის თანხა, თქვენ გახსოვთ რამდენი კითხვა იყო საიდან ფინანსდება განახლებული რეგიონების პროგრამა. განახლებული რეგიონების პროგრამის დაფინანსება 90 მლნ ლარი მოძიებული იქნა საკუთარი სახსრებით და ასევე 130 მლნ ლარი, მუნიციპალური განვითარების ფონდის ანგარიშზე იყო. სწორედ აქედან ფინანსდება. მერწმუნეთ, რომ ყველა სამართლებრივი ნორმა დაცული გვაქვს იმისთვის, რომ ეს თანხები გამოვიყენოთ. ნამდვილად სწორი გადაწვეტილებაა იმ მიმართულებით, რომ ეს თანხა მოხმარდება 63-ვე მუნიციპალიტეტს. პოსტპანდემიურ პირობებში ნამდვილად უმნიშვნელოვანესია ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა იმისთვის, რომ ჰქონდეთ განახლებული შესაძლებლობები. ამ თანხების მიმართვა მოხდა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი – მუნიციპალიტეტების, ადგილობრივი მოსახლეობისა და რეგიონების განვითარებისთვის“, – განაცხადა ქარსელაძემ.

ცნობისთვის, „ბიზნეს სახლის“ პროექტის იდეა პრემიერმინისტრ გიორგი კირიკაშვილის დროს გაჟღერდა. 2016 წელს, ორთაჭალაში სიმბოლური კაფსულაც ჩაიდო. „ბიზნეს სახლის“ აშენების ძირითადი მიზანი ერთი ფანჯრის პრინციპით ერთ სივრცეში 600-ზე მეტი სახელმწიფო სერვისის მიღება და სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის საქმიან და მეგობრულ გარემოში წარმართვა იყო. პროექტის განსახორციელებლად 82 მილიონი იყო გამოყოფილი.