ქარსელაძე: ქვეყნის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების განვითარებას 10 წელიწადში 9 მილიარდი ლარი მოხმარდება

369

ქვეყნის რეგიონების წყალმომარაგება რჩება ჩვენს მთავარ გამოწვევად და ამავდროულად, მთავარ პრიორიტეტად, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მან, ასევე, შეაფასა 2020 წელი და აღნიშნა, რომ, ამ მიმართულებით, შედეგები შთამბეჭდავი იყო, რადგან პირველად მათი არსებობის განმავლობაში, 4 დიდი ქალაქი – ქუთაისი, ზუგდიდი, ჭიათურა და წნორი, გადავიდა 24-საათიან წყალმომარაგებაზე.

„წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სამუშაოებს აქტიურად ვაგრძელებთ, რის შედეგადაც მალე 360 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება 150 დასახლებაში, მათ შორის – თელავში, დედოფლისწყაროში, ზესტაფონში, ცხვარიჭამიაში, ბულაჩაურში, ტყიბულში, ვალეში, მანგლისსა და სხვა დასახლებებში, რომელთაგან 200 000 საერთოდ არასდროს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგება. წელს, გაზაფხულზე ხელი მოვაწერეთ ხაშურის სრული წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობას 260 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს, რომლის ფარგლებშიც, 5 წლის განმავლობაში 18 კმ მაგისტრალისა და 191 კმ გამანაწილებელი ქსელის გაფართოება-რეაბილიტაცია და დაახლოებით, 40 კმ საკანალიზაციო ქსელის რეაბილიტაცია-გაფართოება იგეგმება“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრის განცხადებით, წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებზე პროექტირება იწყება ისეთ მდებარეობებში, როგორებიცაა ოზურგეთი, სენაკი, ბოლნისი, ხონი, ნინოწმინდა, ასევე – ინგირი, ცაიში, წაღვერინუკრიანი, ცხვარიჭამია, ცხემლისხიდი, დვაბზუ, თეზამიკევლიანი და სხვა.

მისივე თქმით, 2025 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქის 24-საათიანი, სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა იგეგმება, ხოლო 2030 წლისთვის უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნება სრული ხელმისაწვდომობა სტანდარტის შესაბამის წყალმომარაგებაზე.

წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია შესაბამისი სტანდარტების დაცვა, ამ მიმართულებით გათვალისწინებულია ლაბორატორიების აღჭურვილობის განახლება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, პერსონალის გადამზადება და სასმელი წყლის ხარისხის შესაბამისი კონტროლი.

,,რაც შეეხება წყალარინებას, აქ ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ თანამედროვე სისტემების განვითარება და ცენტრალიზებული, სტანდარტის შესაბამისი გაწმენდის უზრუნველყოფა, არამედ ასევე გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებაცაა. ამ მიმართულებით სამაგალითოა 2019-2021 წლებში ევროპული სტანდარტით აშენებული 5 გამწმენდი ნაგებობა ურეკში, ზუგდიდში, ანაკლიაში, თელავსა და წყალტუბოში. ასეთივე ნაგებობების მშენებლობა გაგრძელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძის თქმით, წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილტაციას 10 წელიწადში 9 მილიარდი ლარი მოხმარდება, მაშინ, როდესაც 2012 წელს სექტორის დაფინანსება მხოლოდ მხოლოდ 34 მილიონი იყო, 2021 წელს კი უკვე – 348 მილიონი ლარია.