„კანონი და სამართლის“ ლიდერის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ის თბილისის მერობის არჩევნებზე მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. აღნიშნულის შესახებ ჩარკვიანმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
როგორც ჩარკვიანი აღნიშნავს, მას მერობის სურვილი არც არასდროს ჰქონია. თუმცა, მისივე თქმით, მისი კანდიდატურა განიხილებოდა.
„ნამდვილად არასდროს მიფიქრია, არც ახლა ვფიქრობ. თუ ვიღაცამ რაღაც სურვილი დაინახა, ეს მხოლოდ თუ გაგახარებს ადამიანს. ვიცი, რომ განიხილებოდა, ვიცი ამის შესახებ, რადგან ჩემთან მოსულები იყვნენ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებით, არ მიფიქრია ამაზე არასდროს და არც ახლა ვფიქრობ. მე დავუჭერ მხარს იმ ადამიანს, ვისაც დასავლური ვექტორი გადაწყვეტს იყოს გაერთიანებული ოპოზიციიდან. მკითხეს კიდეც, ნიკაზე არის დიდი ხანია საუბარი და სიამოვნებით მივემხრობი ნიკა მელიას. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა თქვა, ვერ ვხედავ კანდიდატურას, რომ კონკურენცია გაუწიოსო. მე რომ ვამბობ, არ არიან ოპოზიცია და გაიგეთ-მეთქი და არავის ჯერა, ახლა ხომ კარგად დაიჯერეს უკვე. მოდით, ვისაუბროთ ვინმე ნიკა მელიაზე, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეობაზეა საუბარი, იმაზე დიდი მომხრე, ვიდრე კალაძე იყო „ნაციონალური მოძრაობის“, 5-იანს, რომ გვიჩვენებდა, კარგად გვახსოვს. გირგვლიანი მომხდარი იყო უკვე, ნიკა მელია ჩემ გვერდით მახსოვს 7 ნოემბრის დროს, როცა მე გირგვლიანს ვაპროტესტებდი, მაგრამ კახი კალაძე – არა. კახი კალაძე მახსოვს მომხრე იყო ზუსტად იმ პერიოდში“, – განაცხადა ჩარკვიანმა.