კალაძე: როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი

500

ჩემი სანუკვარი ოცნება, ალბათ, ბევრმა იცის, არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე: როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ. არც ერთი წუთით არ შევჩერდები, მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით გავნაგრძობ ამ მიზნისკენ სწრაფვას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას.

კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველას თანადგომისთვის, ნდობისთვის, თანამშრომლობისთვის, თითოეული კეთილი სიტყვისთვის და ჯანსაღი კრიტიკისთვის.

„საზოგადოება სწორად გამიგებს, თუ ჩემი გამოსვლის მთავარი ადრესატი იქნება დედაქალაქის მოსახლეობა.

თბილისელები ამ ოთხი წლის მანძილზე იყვნენ ჩემს გვერდით, ხალხი იყო ჩემი მრჩეველი, თანამშრომელი, გულშემატკივარი და თანამებრძოლი. მსურს, თანაქალაქელებს გულწრფელად გადმოგცეთ ის ემოცია და განწყობა, რაც ეს წლებია ვატარე.

პოლიტიკაში მოსვლის წუთიდან, უფრო ზუსტად, პოლიტიკით დაინტერესების წუთიდან, ჯერ კიდევ ჩემი პირველი, სპორტული კარიერის დროს, ვგეგმავდი, როგორ ჩავდგებოდი ქვეყნის, ხალხის სამსახურში, რაღაც სიახლეს შემოვიტანდი არსებულ პოლიტიკურ რუტინაში, ამიტომ, როცა ბიძინა ივანიშვილმა შემომთავაზა, მისი გუნდის წევრი გავმხდარიყავი, ჩამოვედი და შევუერთდი ქართულ ოცნებას.

მადლობა 2012 წლის გამარჯვების ყველა შემოქმედს – პოლიტიკოსს თუ მოქალაქეს, ვისთან ერთადაც მომიწია ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ფეხი შემომედგა პოლიტიკურ ველზე და გადამწყვეტ პროცესებში უშუალო მონაწილეობა მიმეღო.

მე ვიყავი ერთ-ერთი თქვენგანი, ვინც დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენ ქვეყანას. ჩავდექით ხალხის სამსახურში და თქვენს მხარდამხარ დაიწყო ჩემი პოლიტიკური კარიერა. აქვე, მინდა მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს – თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში – არა მარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს.

რატომ ვიხსენებ განვლილ წლებს და გიყვებით ამ ყველაფერს? – რამდენიმე წლის წინ, თვისობრივად ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს პოლიტიკურ კარიერაში, როცა გუნდმა შემომთავაზა ქალაქის მერად მეყარა კენჭი.

ძალიან ვნერვიულობდი – მქონდა გრანდიოზული სამეურნეო გეგმები და პოლიტიკური ამბიციებიც. აგრეთვე, დიდი ვალდებულების გრძნობა თბილისელების, პრინციპში, მთელი ქვეყნის წინაშე. სულ სხვა გამოწვევა იყო მინისტრის პოზიციის მერე, სულ სხვა სირთულე და დიაპაზონი. თბილისი ხომ უდიდესი გამოცდაა და ამავდროულად უდიდესი გამოცდილება.

ჩემი სანუკვარი ოცნება ალბათ ბევრმა იცის, არაერთხელ მითქვამს და მისაუბრია ამაზე: როგორც ქართულ ფეხბურთში დავტოვე რაღაც ჩემი კვალი, ასევე მინდა ქართულ პოლიტიკაშიც შევიტანო ჩემი წვლილი, ქვეყნის, ჩვენი შვილების და მათი შვილების საკეთილდღეოდ. არც ერთი წუთით არ შევჩერდები, მუშაობით და თავდაუზოგავი შრომით გავნაგრძობ ამ მიზნისკენ სწრაფვას.

გიყვარდეს ქალაქი და ქვეყანა, რომელსაც მთელი შენი ცხოვრება, შენი მოგონებები, შენი და შენი ოჯახის მომავალი უკავშირდება – რა თქმა უნდა, ბუნებრივი და მარტივია, მაგრამ, როდესაც ამ ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქალაქში მცხოვრები ადამიანები შენ განდობენ თბილისის აწმყოსა და მომავალს, ეს უკვე სხვა პასუხისმგებლობა და სხვა ისტორიაა.

ჩვენ დიდი ამბიციით მოვედით ქალაქის სათავეში. გადაწყვეტილი გვქონდა ათწლეულების მანძილზე დაგროვებული პრობლემები მოგვეგვარებინა და ქალაქი განვითარების გზაზე დაგვეყენებინა. გვინდოდა, ახალი სიცოცხლე შემოგვეტანა თბილისში. დავგეგმეთ და დავიწყეთ დიდი რეფორმები – მტკივნეული, არაპოპულისტური, მაგრამ შორსმიმავალი და პერსპექტიული – მომავლის თბილისზე გათვლილი“, – აღნიშნა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, იმის შეგრძნება, რომ თითქმის 30-წლიანი ქაოსის მერე, ცდილობ, გარკვეულ სისტემაში მოაქციო სხვადასხვა სექტორები დედაქალაქში, შეუთავსო ერთმანეთს, განავითარო და სწორ გზაზე დააყენო, ყველაზე დიდი სიამოვნება და დადებითი მუხტია მისთვის.

„როცა პოლიტიკის კეთებასთან ერთად გიწევს ყოველდღიური საქმის კეთება, რომელიც ხედავ როგორ წაადგებათ ადამიანებს, როგორ მოიხმარენ შენი შრომის შდეგებს, როგორ ვითარდება და ხორცს ისხამს შენი ჩანაფიქრი – ეს საოცრებაა. ეს არის ყველაზე დიდი სიამოვნება, რაც კი შეიძლება ინატროს დედაქალაქის  მერმა.

ასე შეიქმნა სიცოცხლით სავსე ქალაქის კონცეფცია, რომელიც თბილისისთვის მნიშვნელოვან ყველა მიმართულებას მოიცავდა და ყველა მიმართულებით ახალი, არსებითი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას გვაძლევდა. ამ პროგრამით, ჩვენ შევძელით ქაოტური განაშენიანების შეჩერება, მივიღეთ თბილისის განვითარების გენერალური გეგმა, აღვკვეთეთ კოეფიციენტების გაყიდვის მავნე პრაქტიკა, რომელიც ამახინჯებდა ჩვენს ქალაქს და შეუძლებელს ხდიდა მთელ რიგ უბნებში გადაადგილებას. ამავდროულად, ჩვენ პრაქტიკულად, სრულად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დავაწესეთ ინფრასტრუქტურის განახლების ახალი სტანდარტი, შევქმენით ახალი გარემოსდაცვითი სტანდარტი, გავაშენეთ ახალი სკვერები და პარკები, ქალაქის მასშტაბით ავაშენეთ ახალი საბავშვო ბაღები და გავაკეთეთ ბევრი ისეთი საქმე, რაც თავიდან, თითქოს წარმოუდგენელიც კი გვეგონა.

დღეს, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი არის უფრო მწვანე, უფრო ლამაზი, უფრო ჯანსაღი და თანამედროვე ქალაქი, ვიდრე იყო ოთხი წლის წინ და ეს, ჩვენ ყველამ ერთად შევძელით!“ – აღნიშნა კახა კალაძემ.

ამასთან, კალაძის თქმით, თბილისს ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვს დასაძლევი, ძალიან ბევრ ადამიანს, ძალიან ბევრ ოჯახს უჭირს.

„თვითკმაყოფილი ნამდვილად ვერასდროს ვიქნები, ვიდრე სოციალური ფონი არსებითად არ გაუმჯობესდება და სანამ თუნდაც ერთ ადამიანს დასჭირდება ჩვენი და პირადად ჩემი დახმარება.

მადლიერი ვარ ჩემი გუნდის. მეგობრებო, მეორე ვადით მერობის კანდიდატად ჩემი წარდგენით, თქვენ მომეცით ერთი მხრივ, საშუალება დაწყებული რეფორმები თავად გავაგრძელო და მეორე მხრივ – ამ ძირითად  მიმართულებას – სიცოცხლით სავსე ქალაქს მოვარგოთ ახალი პროექტი – სიცოცხლით გავავსოთ თითოეული  თბილისური უბანი თუ ეზო. თბილისის თითოეულმა მოქალაქემ უნდა იგრძნოს ერთი მხრივ, ჩართულობა პროცესში, მეორე მხრივ, ზრუნვა მასზე – ყოველდღიური და თვალსაჩინო.

ჩვენ შევიტანთ სიცოცხლეს ყველა რაიონში, გავშლით მთლიან ფრონტის ხაზს თბილისელების კეთილდღეობისთვის.

მაშინ, როცა განახლება უკვე დაწყებულია, ამჯერად ჩვენი ყოველდღიური მუშაობის შედეგი ბევრად უფრო მოცულობითი, ბევრად უფრო ხელშესახები გახდება თითოეული თბილისელისთვის. ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ყველა ის სიკეთე, რომელიც ამ წლების მანძილზე შეიქმნა ქალაქის მასშტაბით, მივიტანოთ თითოეულ უბანში, თითოეულ მოქალაქესთან და თბილისის ყველა უბანი გავხადოთ კიდევ უფრო მწვანე, კიდევ უფრო ლამაზი და სიცოცხლით სავსე.

სიცოცხლის სიყვარული ჩვენი ქალაქის თვისებაა, ამიტომ, სიცოცხლე მუდმივად უნდა ჩქეფდეს ჩვენი ქალაქის ყველა უბანში.

ჩვენ, მრავალფეროვნებით განთქმული ჩვენი ქალაქის ყველა ფერს კიდევ უფრო გამოვკვეთთ, მის ყველა კულტურულ ხაზს და კვალს გამოვიყენებთ, როგორც ჩვენს დიდ უპირატესობას, რადგან ეს ქალაქი ეკუთვნის მის ყველა მცხოვრებს, რადგან თბილისი ყველას აერთიანებს, აერთიანებს ქართველებს და ებრაელებს, ქურთებს, იეზიდებსა და ბერძნებს, აზერბაიჯანელებს და სომხებს, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს და სწორედ ამ მრავალხმოვან კულტურაშია მისი ძალა, რომელიც ქმნის უნიკალურ თბილისურ სულს და ყველას ნუსხავს“, – აცხადებს კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, მისი წარმატების უკან ყოველთვის იდგა ძლიერი გუნდი.

„ჩემო მეგობრებო, დღეს, ისევ ვდგავარ აქ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი და ზუსტად ვიცი, რა შემძინა ამ ოთხწლიანმა გამოცდილებამ. ზუსტად ვიცი, რა სჭირდება მთაწმინდას, საბურთალოს, კრწანისს, ვაკეს, გლდანს, ნაძალადევს, ისანს, სამგორს, დიდუბესა და ჩუღურეთს. ვიცი თბილისის თითოეული უბნის საჭიროება, კონკრეტული ადამიანების პრობლემები.

და რაც მთავარია, დღეს ზუსტად ვიცი, რა ძალა აქვს თბილისელების მხარდაჭერას ყოველი წამოწყების, ახალი პროექტების განხორციელების დროს. რამხელა სტიმულია, როცა გულწრფელად გიზიარებენ დარდსაც და სიხარულსაც, გენდობიან და სჯერათ შენი.

ჩემო მეგობრებო, მე ვარ კახა კალაძე, ადამიანი, რომლის წარმატების უკან ყოველთვის იდგა ძლიერი გუნდი. ამ წინასაარჩევნო მარათონში, რასაკვირველია, ჩემი სახელი და გვარი გაიჟღერებს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ კახა კალაძის  უკან  დგას პროფესიონალების დიდი გუნდი.

ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებდა თითოეულ ჩემს წამოწყებას. ეს არის ასევე თბილისის მერიის გუნდი – ჩემი მოადგილეები, სამსახურების ხელმძღვანელები, გამგებლები, საკრებულოს წევრები, ათასობით გულანთებული თანამშრომელი.

ეს ადამიანები ხშირად არ ჩანან, მაგრამ ჩანს მათი გაკეთებული საქმეები. დღეს ჩვენთან ერთად არიან მეტროს მემანქანე, ავტობუსის მძღოლი, მეეზოვე, მებაღე, მუნიციპალური ინსპექციის, მერიის თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თბილისზე და თბილისელებზე. მადლობა მათ თბილისის სიყვარულისთვის და თავდაუზოგავი შრომისთვის.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ოჯახს, ჩემს მეუღლეს – ანუკას, ჩემს შვილებს, რადგან მათი მხარდაჭერა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია.

და ბოლოს, მინდა გამარჯვება ვუსურვო თბილისს, ქალაქს, რომელიც ახლა აქედან თითქოს ხელისგულივით მოსჩანს და ის მაინც თავიდან დასანახი და აღმოსაჩენია.

ჩვენ ერთნი ვართ. მე და თქვენ. და აუცილებლად გავიმარჯვებთ. თბილისი კვლავ გაიმარჯვებს!“ – განაცხადა კახა კალაძემ.