გორის მერია მომავალი წლის ბიუჯეტისთვის პრიორიტეტების განსაზღვრაზე მუშაობს. პანდემიის მიუხედავად, აქტუალურ საკითხთა ჩამონათვალი უცვლელია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების დიდი ნაწილი 2022 წელსაც ინფრასტრუქტურას, სოციალურ პროგრამას და ახალგაზრდულ მიმართულებას მოხმარდება. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
კითხვაზე ტარდება თუ არა რაიმე ტიპის საჭიროებების კვლევა და რის მიხედვით განისაზღვრება წლიდან წლამდე პრიორიტეტული მიმართულებები გორის მერი პასუხობს, რომ ბიუჯეტიდან თანხები მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად იხარჯება.
“ყველასთვის რომ მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურა ამაზე ვთანხმდებით, სოციალური საკითხებიც რომ მნიშვნელოვანია ესეც ნათელია. რა თქმა უნდა გათვალისწინებულია და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ინტერესებს. მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ პრიორიტეტები იგივე იქნება რაც გვქონდა აქამდე. განათლება, სოციალური, ინფრასტრუქტურა და ა.შ. 25 ნოემბრამდე ყველაფერი მზად უნდა იყოს. მანამდე საკრებულომ უნდა განიხილოს და მოიწონოს ან არ მოიწონოს ეს პრიორიტეტები. თუ შენიშვნები ექნებათ უკან დააბრუნებს და შემდეგ ამ შენიშვნების გათვალისწინებით ხელახლა გადაეგზავნება საკრებულოს განახლებული დოკუმენტი”, – უთხრა რადიო “მოზაიკას” გორის მერმა.
ინფორმაციისთვის, ფინანსთა მინისტრის ბრძანების თანახმად, პრიორიტეტების დოკუმენტს სპეციალური სამუშაო ჯგუფი ამზადებს. მის პირველად ვერსიას მუნიციპალიტეტის მერი 15 აგვისტომდე მოიწონებს. პრიორიტეტების დოკუმენტის საბოლოო ვერსია კი საკრებულოს
წარედგინება არაუგვიანეს 15 ნოემბრისა.