გორის მერიას ომისას დაზიანებული სახლის აღსადგენად 24 893 ლარის გადახდა დაეკისრა

782

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სასამართლო დავა მოუგო გორის მერიას, რომელიც წლების განმავლობაში, 2008 წლის ომის შედეგად დაზიანებული სახლის აღდგენაზე უარს ამბობდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“საცხოვრებელი სახლის დაზიანება მოხვედრილმა ჭურვებმა გამოიწვიეს, რამაც მასში ცხოვრება შეუძლებელი გახადა. დაზარალებულ ოჯახს, გორის მუნიციპალიტეტის მერია წლების განმავლობაში უარს ეუბნებოდა სახლის აღდგენაზე იმ საფუძვლით, რომ ბიუჯეტში არ იყო ფინანსური სახსრები ომის შედეგად დაზიანებული სახლების აღსადგენად” , – განმარტავენ საიაში.

საია-ს  გორის ოფისის დახმარებით, დაზარალებულმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სახლის აღსადგენად საჭირო თანხის, 24 893 ლარის ანაზღაურება.

“მუნიციპალიტეტი აცხადებდა, რომ გორის ბიუჯეტით არ მომხდარა დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია, თანხები გამოიყოფოდა მთავრობის განკარგულებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან და შესაბამისად, მას არ ეკისრებოდა ანაზღაურების ვალდებულება” , – აცხადებენ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

საია სასამართლო სხდომებზე ამტკიცებდა, რომ გორის მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან დაეფინანსებინა მოსარჩელის სახლის რეაბილიტაცია, ხოლო თუ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი არასაკმარისი იქნებოდა თანხის ასანაზღაურებლად, უნდა მიემართა დასაბუთებული მოთხოვნით საქართველოს მთავრობისთვის სპეციალური ტრანსფერის გამოყოფის მოთხოვნით.

სამივე ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა საია-ს პოზიცია და გორის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა საცხოვრებელი სახლის აღსადგენად მოსარჩელისათვის 24 893 ლარის ანაზღაურება.