თელავში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი ფუნქციონირებას იწყებს

77

ქალაქ თელავში სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი ფუნქციონირებას იწყებს. ამის შესახებ კახეთის ხმა წერს.

ცენტრის მომსახურებით სარგებლობა შეეძლება 16 წლის ასაკის ზემოთ ყველას, რომელსაც სურს უნარების გაძლიერება, კარიერის დაგეგმვა, ახალი საქმის წამოწყება ან დასაქმება.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, უკვე გაიმართა სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის გახსნის პრეზენტაცია.

უწყების ინფორმაციით, ცენტრის ბაზაზე ეტაპობრივად შემუშავდება სასწავლო პროგრამები, ტრენინგები და სემინარები, რაც ითვალისწინებს, როგორც დასაქმების ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს, ასევე იმ ადამიანების სურვილებსა და საჭიროებებს, რომლებიც დასაქმების ცენტრს მიმართავენ.

სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრები მსურველებს დაეხმარებიან: მიიღონ კონსულტაცია ადგილზე დასაქმებული კარიერის დაგეგმვის სპეციალისტებისგან; მიიღონ განახლებული ინფორმაცია შრომის ბაზარზე არსებულ შესაძლებლობებზე; მონაწილეობა მიიღონ როგორც ტრენინგებში, ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებებში.

სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი შეიქმნა პროექტის “უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის” ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.