ვითხოვთ მყისიერ რეაგირებას – მედია დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს

566
ლექსო ლაშქარავა

ჟურნალისტები და მედია ორგანიზაციები დიპლომატიურ კორპუსს მიმართავენ და ითხოვენ მყისიერ და ეფექტიან რეაგირებას რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიულ მოვალეობაში ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე.

გთავაზობთ წერილს სრულად:

“საქართველოში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შემთხვევები კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა. დღემდე მედიის წინააღმდეგ მიმართული ათეულობით საქმე გამოუძიებელია. ხელისუფლება არ უზრუნველყოფს ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვას, მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები კი, კიდევ უფრო ახალისებს ძალადობას.

2021 წლის 5 ივლისს ღირსების მარშის წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

სამოქალაქო სექტორის წინასწარი მოწოდებების მიუხედავად, სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები მედიის წარმომადგენლების დასაცავად. არასაკმარისი საპოლიციო ძალები არ იღებდნენ ზომებს ჟურნალისტების დასაცავად. უფრო მეტიც, 5 ივლისს, მთავრობის სხდომის დაწყების წინ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა კონტრაქციის წევრებს, არამედ ღირსების მარშის ორგანიზატორებს და მოუწოდა მათ, არ ჩაეტარებინათ მარში რუსთაველის გამზირზე.

5 ივლისს, შსს-ს ცნობით, მედიის 53 წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის იყო TV პირველის ოპერატორი, ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საქმიანობის შესრულების დროს ძალადობრივი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ალექსანდრე ლაშქარავა 11 ივლისს გარდაიცვალა.

მედიის წარმოამდგენლების ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. სხვადასხვა ძალადობრივი ჯგუფის წევრების მხრიდან ამ დრომდე გრძელდება ღია მუქარა ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ, რაზეც სამართალდამცავი უწყებები შესაბამისად არ რეაგირებენ. დაკავებულები არ არიან არც 5 ივლისის ძალადობრივი კონტრაქციის ორგანიზატორები, რომელთა ვინაობაც საჯაროდაა ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე გამოუძიებელია ჟურნალისტებზე თავდასხმის, მედიის საქმიანობის ხელშეშლის და ძალადობის წარსულში მომხდარი ფაქტების უმრავლესობა და არ ხდება ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხის გამოკვეთა.

მივმართავთ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ რუსთაველის გამზირზე 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიზანმიმართულ დევნაზე, ჯანმრთელობის დაზიანების, პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელშეშლის ფაქტებსა და საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობაზე”.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. On.ge
  2. მთავარი არხი
  3. ფორმულა
  4. რუსთავი 2
  5. ტაბულა
  6. იმედი
  7. კავკასია
  8. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  9. საზოგადოებრივი მაუწყებელი
  10. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
  11. TV პირველი
  12. TV 25
  13. ექსპრესნიუსი
  14. ფაქსინტერნიუსი
  15. არტარეა TV
  16. სტუდია მონიტორი
  17. რადიო ჯორჯიან თაიმსი
  18. ფაქტ-მეტრი
  19. რადიო მწვანე ტალღა
  20. AT.ge
  21. მედიის განვითარების ფონდი
  22. Border Zone
  23. ა(ა)იპ მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი
  24. რადიო აფხაზეთის ხმა
  25. რადიო დარდიმანდი
  26. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ალტერნატიული პროფესიული კავშირი
  27. მედია ჰოლდინგი ჰერეთი: რადიო ჰერეთი FM102.8, რადიო თბილისი FM93.5, რადიო ციტრუსი FM97.3
  28. რადიო ძველი ქალაქი
  29. საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელი
  30. ტელეკომპანია ახალი
  31. OC Media
  32. ეკო-ფაქტი
  33. რადიო ჰოლდინგი ფორტუნა
  34. SOVA
  35. ბათუმელები
  36. Newsreport
  37. ნეტგაზეთი
  38. InterPressNews.ge
  39. ბლოგი “სოცრეაქტივი”
  40. TSpress.ge
  41. რადიო ათინათი
  42. Metronome.ge
  43. პუბლიკა
  44. Civil.ge
  45. ინტერნიუსი-საქართველო
  46. Media.ge
  47. openrustavi.ge
  48. პალიტრანიუსი; რადიო პალიტრა
  49. რადიო მარნეული
  50. Euronews Georgia
  51. FirstNews.ge
  52. Kutaisi Today
  53. Speqtri.ge
  54. CNews
  55. მედიაჰოლდინგი “ქრონიკა+”
  56. Droa.ge
  57. accentnews.ge
  58. Popmusic.ge
  59. Popsport.com
  60. მედიის უფლებები
  61. Gurianews.ge
  62. Tok TV
  63. ჟურნალისტიკის რესუსრს ცენტრი
  64. აგრო გარემო TV
  65. რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  66. რადიო მწვანე ტალღა
  67. რადიო იმედი
  68. JAMNews
  69. კომერსანტი
  70. Reginfo.ge
  71. DailyInfo.ge
  72. FrontNews.ge
  73. iFact
  74. Ipress.ge

5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმიდან 6 დღეში TV პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ლაშქარავას ცხვირიდან სისხლი სდიოდა. კრიმინალისტებმა ცხედარი ექსპერტიზაზე ოჯახის თანხმობის გარეშე გადაიტანეს.

მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ტვ პირველის ჟურნალისტის, მირანდა ბაღათურიას თქმით, ლექსო ლაშქარავას “სირცხვილიას” ოფისში ათობით მოძალადე რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად სცემდა.

მისი გარდაცვალების შემდეგ პარლამენტის შენობასთან მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციების ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და, შესაბამისად, პასუხიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მოძალადეებმა უნდა აგონ.

ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავა  ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.

ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ.

იმ ათობით ადამიანიდან, რომლებიც მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრას ცდილობდნენ და TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ჯერჯერობით, მხოლოდ სამია დაკავებული. მათგან ერთი დღეს, 12 ივლისს დააკავეს.

აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.