“შენნაირ ქუჩის ქალს საკრებულოში რა უნდა” – გორის საკრებულოს თავმჯდომარეს სექსისტური გამონათქვამის გამო ბოდიში მოახდევინეს

436

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ დეპუტატ ქალს საკრებულოს სხდომაზე “ქუჩის ქალი” უწოდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

დავით რაზმაძის სექსისტური მიმართვის შემდეგ ირმა ამბარდნიშვილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, პაპუნა კობერიძემ დეპუტატისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა: “საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართავ, მოვიწვიოთ ის ქალბატონი და ბოდიში მოვუხადოთ. ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო”.

კობერიძეს დავით რაზმაძემ უპასუხა: “ჩვენ თმენის ვალდებულება გვაქვს და არ უნდა ავყოლილიყავი, თუმცა, პაპუნას განცხადება არის სექსისტური, არც ქალმა არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა და არც – კაცმა. მე მოვიხადე ბოდიში ამ ინციდენტის გამო და ირმასგანაც იგივეს ვითხოვ.”

საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მერიის ბალანსზე არსებული ავტომობილებისთვის საწვავის ხარჯის ლიმიტის გაზრდაზე მსჯელობას მოჰყვა. ირმა ამბარდნიშვილი ლიმიტის გაზრდის წინააღმდეგი იყო. მის პოზიციას კი მმართველი პარტიის დეპუტატები არ იზიარებდნენ. სწორედ ამ კამათის დრო, საკრებულოს თავმჯდომარემ ირმა ამბარდნიშვილს უთხრა:

“შენნაირ ქუჩის ქალს საკრებულოში რა უნდა”, – ამ სიტყვებით მიმართა დავით რაზმაძემ ოპოზიციონერ დეპუტატს, ირმა ამბარდნიშვილს.

სექსისტური მიმართვის შემდეგ, ამბარდნიშვილმა საკრებულოს დარბაზი დატოვა და რადიო “მოზაიკასთან” განაცხადა, რომ მომხდარზე პროკურატურას მიმართავს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ნაწილმა ირმა ამბარდნიშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.

ზოგიერთი მათგანი საჭიროდ თვლის, რომ საკრებულოს თავმდჯომარემ ირმა ამბარდნიშვილს, მიყენებული შეურაცხყოფის გამო, ბოდიში მოუხადოს, თუმცა, საკრებულოს წევრები ნაწილი ფიქრობს, რომ შეურაცხყოფის მიყენებასა და სექსისტურ მიმართვაში თავად ამბარდნიშვილია დამნაშავე.

ბექა ქორჩილავა: “რა თქმა უნდა, სოლიდარობას ვუცხადებ ირმა ამბარდნიშვილს და პროტესტის ნიშნად დავტოვე დარბაზი. “ქართული ოცნების” აგრესიულ წარმომადგენლებს არც კი გაუჩნდათ იმის განცდა, რომ ქალბატონს მიაყენეს შეურაცყოფა. ვგმობ ყველანაირ ძალადობას და შეურაცხყოფას”.

პაპუნა კობერიძე: “საკრებულოს თავმჯდომარეს მივმართავ, მოვიწვიოთ ის ქალბატონი და ბოდიში მოვუხადოთ. ეს ფაქტი არ უნდა მომხდარიყო”.

თამარ კოდოშვილი: “მე, როგორც ქალი, სოლიდარობას ვუცხადებ ირმას, მაგრამ არ ჩავთვალე საჭიროდ სხდომათა დარბაზი დამეტოვებინა, ფაქტი ცუდია, მაგრამ პროვოცირება ირმამ მოახდინა”.

მამუკა ფანიაშვილი: “ჩემი სოლიდარობა ირმას, თუმცა, მისი მხრიდანაც იყო გადაცდომა. საკრებულოს თავმჯდომარეს ასეთი სიტყვები არ უნდა დაეხარჯა. მე ყველა ქალს და იმ ადამიანს ვუცხადებ სოლიდარობას, ვინც დისკრიმინაციას განიცდის”.