პირველი ოფისი სამეგრელოში, ზუგდიდში გავხსენით. ამას ჩვენთვის აქვს გარდა ყველაფრისა, პრაქტიკული და ძალიან ემოციური მნიშველობა, რადგან ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუგდიდის და სამეგრელოს განვითარებას, – განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარიამ.
მისი თქმით, გააკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ქალაქი ზუგდიდი იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საქართველოში. ამასთან, საუკეთესო მაგალითი და აფხაზებისთვის.
გიორგი გახარიას განცხადებით, ზუგდიდის ეს დატვირთვა, რომელსაც აქვს განსაკუთრებული როლი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში, უფრო ეფექტურად უნდა განახორციელონ.
“ის ხიდები, რომელიც ჩვენ უნდა ავაშენოთ, აღვადგინოთ ადამიანების დონეზე აფხაზ ძმებთან, უნდა დაიწყოს აქედან. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ისევე როგორც ზუგდიდის ეკონომიკური განვითარება, რაიონის ფუნქციის შეძენა, და ამ ყველაფერს გავაკეთებთ ერთად, ზუგდიდელებთან ერთად, როგორც ამას ვაკეთებდით ყოველთვის”, – აღნიშა გახარიამ.
პარტიის თავმჯდომარის ცნობით, რეგიონის მუნიციპალიტეტებში მომდევნო დღეებში გაგრძელდება ოფისების გახსნა და ღირსეული ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას პარტიის მშენებლობის პროცესში.
გიორგი გახარიას არ დაუსახელებია ზუგდიდის მერობის კანდიდატი, ვინც ადგილობრივი თვითმმართველოს არჩევნებზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს, თუმცა თქვა, რომ მასზე შეჯერებულები არიან. რაც შეეხება თბილისს, თქვა, რომ რამდენიმე კანდიდატს განიხილავენ და მისი ვინაობა მოგვიანებით გასაჯაროვდება.
გიორგი გახარია ოფისის გახსნაზე მხარდამჭერებს შეხვდა. შეკრებილთა შორის იყვნენ “ქართული ოცნების” ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლებიც. მათ შორის, ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი შენგელია და ყოფილი ვიცემერი გიგა ფარულავა, ასევე, რეგიონში ყოფილი სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია.